25 აპრილი 2024,   21:36
ვრცლად
"მოსალოდნელი იყო ასეთი სახის განცხადებები საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებისგან" - მიხეილ ბენიძე

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურებიან, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება მესამე სექტორს მათი დამორჩილების მიზნით თავს ესხმის.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში მიმდინარე არჩევნებს განსაკუთრებულად აკვირდებიან და სწორედ ამიტომ აქვთ ასეთი მწვავე რეაგირება ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესზე.

მიხეილ ბენიძის თქმით, წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან გატარებული ღონისძიებები საერთაშორისო დამკვირვებლებს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისინი ცდილობენ ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვებას.

„მოსალოდნელი იყო ასეთი სახის განცხადებები საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებისგან იმიტომ, რომ ისინი ძალიან ყურადღებით აკვირდებიან იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში ვითარდება და ამ საარჩევნო კუთხით, ბუნებრივია, მათთვის განსაკურებით მნიშნელოვანი არის ის წინასაარჩევნო ქმედება, რომელიც შესაძლოა იწვევდეს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის ამომრჩევლის კეთილგანწყობის გაზრდის მიზნით და სწორედ საარჩევნო მოტივაციით განხორციელებული ქმედება. ეს არის სწორედ რაზეც ვსაუბრობთ, რომ თუ იმ პრობლემებს, იმ საკითხებს, რასაც არასამთავრობო სექტორი წამოწევს დროულად მიექცევა ყურადღება და იქნება რეაგირება, მაშინ ეს ჩვენს საერთაშორისო იმიჯზეც პოზიტიურად იმოქმედებს და არ დააზიანებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა პრეზიდენტმა ამერიკის ხმის ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს მმართველი გუნდი, ძალიან არაპროპორციულად, მხოლოდ ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებს.

მისთვის ასევე მიუღებელია საბანკო დავალიანებების დაფარვის გადაწვეტილება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ამომრჩევლის მოქრთამვად აფასებს.

დღის ამბები