16 აპრილი 2024,   11:47
ვრცლად
მთავრობა შავი ჯიპებით - ხელისუფლებამ 2013 წლიდან დღემდე მანქანებში 200 მილიონი დახარჯა

ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2013 წლიდან დღემდე მანქანებში 200 მილიონი დახარჯა. უწყებებმა ძვირადღირებული მანქანები შეიძინეს.

ჯამში საგარეო საქმეთა სამინისტროს სულ 36 ავტომობილი ემსახურება, ბოლო ავტომობილი E კლასის მერსედესი საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 2 მაისს გადაეცა და მისი საწყისი ღირებულება 102 ათასი ლარი იყო.

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე 50 ავტომობილია. ყველაზე ძვირადღირებული მანქანებით უწყებაში იზორიას მოადგილეები გადაადგილდებიან. პირველი მოადგილეს ლექსუსი, დანარჩენებს კი ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200 ერგოთ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ავტოპარკში 52 ავტომობილია. უწყებამ უკანასკნელი მსხვილი შესყიდვისას 76 ათასზე მეტი 3 ჰიუნდაი ელანტრაში გადაიხადა.

ყველაზე დიდი და ძვირადღირებული ავტოპარკით წულუკიანის უწყება გამოირჩევა. იუსტიციის სამინისტროს 151 მანქანა ემსახურება. უკანასკნელი შესყიდვისას მიმდინარე წლის ივნისში წულუკიანმა ბიუჯეტიდან 4 ცალ ფორდ ფოკუსში 145 ათასი, ტოიოტა ქემრიში კი 37 ათასზე მეტი დახარჯა.

ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ფლობს. უწყებამ მანქანა 96 ათას ლარზე მეტად შეიძინა. გარდა ამ ავტომობილისა, უწყების ავტოპარკი კიდევ 30 მანქანას ითვლის.

ძირითადად უსასყიდლოდ გადაცემულ ავტომანქანებს ფლობენ დევნილთა და გარემოს დაცვის სამინისტროები.

ზოგიერთმა უწყებამ კი მათი ავტოპარკის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება არ ისურვა, მათ შორისაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროები.

თუმცა საჯარო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტრომ 2015 წელს მანქანების შესაძენად 4 მილიონ 649 ათას 355 ლარი დახარჯა. უწყებამ 67 შავი ფერის ტოიოტა ქემრი იბიარდის თბილისში გასამართი ყოველწლიური ღონისძიებისთვის იყიდა.

ცნობილია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, თამარ ჟვანიამ, ბიუჯეტიდან მხოლოდ ერთ ავტომობილში გასულ წელს 92 ათასი ლარი გადაიხადა.

თავად დედაქალაქის მერი კახა კალაძე პირადი ავტომობილით გადაადგილდება თუმცა მისი უწყება ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ავტოპარკის მფლობელია.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ დათვლილ მანქანებში დახარჯული 200 მილიონი სულ მალე კიდევ რამდენიმე მილიონით გაიზრდება.

დღის ამბები