24 აპრილი 2024,   21:32
ვრცლად
ქეიფი, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი - "ოცნების" წევრებმა იორმუღანლოში დღეს კიდევ ერთი სუფრა გაშალეს

ქეიფი, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი - მმართველი გუნდის წევრები სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას რესტორნებში გაშლილი სუფრების მეშვეობითაც ცდილობენ.

დღეს კიდევ ერთი სუფრა იორმუღანლოში, ამჯერად რელიგიური დღესასწაულის საბაბით გაიშალა.

რესტორანში მუსლიმთა თემის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ საგარეჯოს მერი და საკრებულოს თავმჯდომარეც.

იორმუღანლოში შეკრებილები ამბობდნენ, რომ დღევანდელი მათი შეკრება რელიგიურ დღესასწაულს უკავშირდებოდა.

როგორც „კურიერს“ რესტორნიდან გამოსულმა ადამიანებმა დაუდასტურეს, ქეიფის რეალური მიზანიც სწორედ არჩევნების მეორე ტური და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერების მობილიზება იყო.

„ხალხი დავინახე და შემოვედი... მე ვარ მხარდამჭერი სალომე ზურაბიშვილის,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

იორმუღანლოში შეკრებას საგარეჯოს მერი, გიორგი ერბოწონაშვილიც ესწრებოდა. დარბაზის დატოვების შემდეგ მან აღნიშნა, რომ რელიგიური დღესასწაული მიულოცეს ადგილობრივებს.

„დღეს ხსენების დრეა წმინდა მუჰამედ პირველწოდებულის და მივულოცეთ მოსახლეობას. მე ვიყავი და საკრებულოს თავმჯდომარე, ჩამოვედით და მივულოცეთ მოსახელობას. სხვა არანაირი პოლიტიკური შეხვედრა არ ყოფილა,“ - განაცხადა გიორგი ერბოწონაშვილმა.

საგარეჯოს მერმა ჟურნალისტის კითხვას, ეხებოდა თუ არა დღევანდელი შეხვედრა პოლიტიკურ აგიტაციას ან საიდან ფინანსდებოდა ასეთი შეხვედრები, არ უპასუხა და ტერიტორია დატოვა.

ასეთი ფაქტი იორმუღანლოში გვიან ღამითაც დაფიქსირდა, რა დროსაც ადგილობრივებს შეხვდნენ საგარეჯოს მერი და ასევე აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე. შეხვედრის დატოვების შემდეგ ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ მათ მოუწოდეს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ.

დღის ამბები