19 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
"რა უნდა, რატომ იხდიდა 6 მილიონი ლარის გადავადებაში 4 მილიონს?" - მდინარაძე ივანიშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების ლონდონის სასამართლოში დაბარებას ირონიულად უყურებს

ომეგა ჯგუფის საქმეზე ლონდონის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის, მოქმედი და ყოფილი მინისტრების დაბარებას მმართველ გუნდში ინფორმაციის ინტერპრეტირებად მიიჩნევენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ამბობს, რომ ძნელია, ამ ინფორმაციას პოლიტიკოსმაც კი ირონიის გარეშე შეხედოს.

მამუკა მდინარაძისთვის გაუგებარია, რატომ იხდიდა ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელი, ზაზა ოქუაშვილი, 4 მილიონს 6 მილიონი ლარის გადანაწილებისთვის და მისი თქმით, ისიც ვერ გაიგო, გადაიხადა თუ არა ბიზნესმენმა ეს ოთხი მილიონი.

„ხანდახან დგება მომენტები, როცა პოლიტიკოსმაც კი არ იცის ზუსტად, ირონიის გარეშე რა უპასუხოს. ვცდილობ, ირონია არ გამოვამჟღავნო ამასთან დაკავშირებით, მართლა გულწრფელად, სამართლის მცოდნემ არ ვიცი, რა დავარქვა იმას, რასაც ოქუაშვილი აკეთებს მთელი ამ ხნის განმავლობაში. მართლა, მეც კი ვერ გავიგე და საზოგადოება, ალბათ, საერთოდ დაიბნა, რა უნდა ამ კაცს, რატომ იხდიდა თავის დროზე 6 მილიონი ლარის გადავადებაში 4 მილიონს, ბოლოს გადაიხადა თუ არა, რა თქვა?

"ბოლო ეთერში, როცა თქვენი ხელმძღვანელი და ერთ-ერთი ჟურნალისტი ცდილობდა, რაიმე ეთქვა ამ ადამიანს, რისი თქმა უნდოდა, იქაც ვერ გაგვაგებინა. ყველა შემთხვევაში ეს არის მცდელობა, რაღაც ილუზია შეიქმნას. ყველა შემთხვევაში იმაზე მაინც უნდა ჩამოყალიბდეს ეს ადამიანი თუ  მისი შემკვეთები, რისი ილუზიის შექმნა უნდათ," -  ამბობს მამუკა მდინარაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი, კი აცხადებს, რომ უსაფუძვლოა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს და მაღალჩინოსნებს იბარებენ. ვოლსკი ფიქრობს, რომ ინტერპრეტირებულია ეს განცხადებები. მისივე თქმით, თუკი ვინმე მართლაც უნდა წარსდგეს რომელიმე ორგანოში, ამისგან თავს არავინ შეიკავებს. 

ბიზნესზე შესაძლო რეკეტისა და ზეწოლის საქმეზე ლონდონის სასამართლო ბიძინა ივანიშვილს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ყოფილ და მოქმედ მინისტრებს გამოკითხვაზე იბარებს.

ზაზა ოქუაშვილის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან ერთად, დიმიტრი ქუმსიშვილი, ანზორ ჩუბინიძე, ლევან ყიფიანი, გიორგი გახარია და ნოდარ ხადური დაიბარეს.

ადვოკატის თქმით, შეტყობინებაზე პასუხი მას მხოლოდ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, გასცა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები