25 აპრილი 2024,   14:29
ვრცლად
ამომრჩევლის მოსყიდვა, მუქარა, ზეწოლა - მესამე სექტორის შეხვედრა ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან  

ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მედიისთვის დახურულ შეხვედრაზე მესამე სექტორის წევრებმა მისიის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით. კონკრეტულად კი გაზრდილ ზეწოლასა და მუქარაზე.

როგორც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების  აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, აცხადებს, რომ მისიის წარმომადგენლების კითხვები ძირითადად ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს შეეხებოდა.

„ზეწოლის ფაქტებზე, ბუნებრივია, მივაწოდეთ ინფორმაცია და იმ ტენდენციებზე, რა ტენდენციებიც ჩვენთვის არის ცნობილი. განსაკუთრებით პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდში გაზრდილი ზეწოლა-მუქარის ფაქტები. ასევე ის, რა ინფორმაციაც მივიღეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ ფაქტებზე რეაგირების კუთხით. მათი კითხვები უფრო მეტად ეხებოდა სწორედ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევას, როდესაც საუბარია 600 ათას ადამიანზე,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს  აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის, თქმით, ბევრი კითხვა დაისვა მოქალაქეების სავარაუდო მოსყიდვის შესახებ.

„ჩვენ სავარაუდო ყალბი პირადობის მოწმობების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვაწოდეს და შემდეგ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ საგამოძიებო უწყებებს, თუმცა, საგამოძიებო უწყებებმა იმის მაგივრად, რომ ეს გამოეძიებინათ, ჩვენ დაგვაბრალეს ის, რომ ჩვენ ვიტყუებოდით,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნინო ნაკაშიძე, ამბობს, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა გაოცება გამოხატეს არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით.

„ვილაპარაკეთ იმ პოლარიზაციაზე, რომელიც არსებობს მედიასაშუალებებს შორის. გარდა ამისა, თვითონ დასვეს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენად ხდება ამომრჩევლების დაშინება და მოსყიდვა. ასევე თვითონ გამოთქვეს გაკვირვება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები დაინიშნა შუა კვირაში, რაც აგრეთვე თვითონ მისიას შეუქმნა პრობლემები,“ - განაცხადა ნინო ნაკაშიძემ.

 

 

დღის ამბები