24 აპრილი 2024,   05:50
ვრცლად
დაპირისპირება გარდაბანში - "ოცნების" წარმომადგენლები გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ფიზიკური დაპირისპირება გარდაბანში - ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაპირისპირება გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატების გაკვრისას დაიწყო. თვითმხილველების თქმით, კონფლიქტი მმართველი პარტიის წარმომადგენლების შეურაცხმყოფელმა რეპლიკებმა გამოიწვია.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ოცნების მხარდამჭერმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, აქიფ ისმაილოვი, ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრს ფიზიკურად მანქანაში გაუსწორდნენ.

„დაახლოებით 4 საათისთვის ჩემს წარმომადგენლებთან მივიდა ქართული ოცნების აქტივისტი, მისი მიზანი იყო პროვოკაცია, ჯერ ჰკითხა, ვინ იყვნენ, შემდეგ დაუწყო მათ გინება. მარტო მოვიდა, შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის წევრს მოსთხოვა, მასთან მანქანაში ჩამჯდარიყო და ამის შემდეგ მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდა,“ - განაცხადა აქიფ ისმაილოვმა.

რამინ ბაირამოვი, რომელსაც ოცნების აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემთხვევას კურიერთან იხსენებს.

„დაგვიწყო გინება ეროვნების მიმართ, დედის გინება. დედის გინება რომ დაიწყო, ჩვენები აგრესიაზე გამოვიდნენ და ჩვენებს ვუთხარი, რომ აშკარად პროვოკატორია და თავი დაანებეთ. კარები გავაღეთ და რომ დავჯექი დაიწყო დედის გინება და ფიზიკური შეურაცხყოფა,“ - ამბობს რამინ ბაირამოვი.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრების თქმით, პირველი ტურის შემდეგ უკვე დაიწყო ადგილობრივებზე ზეწოლა და აიძულებენ მოსახლეობას, რომ ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი პროვოკაციები ხვალაც, მოხდეს.

დაპირისპირებული მხარეები პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება ქართული ოცნების აქტივისტის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს.

დღის ამბები