20 აპრილი 2024,   08:41
ვრცლად
მხარდამჭერებთან ერთად გამოვაცხადებთ სამოქმედო გეგმას - გაერთიანებული ოპოზიცია მოსახლეობასთან შესახვედრად ემზადება

საპრეზიდენტო არჩევების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებთან შესახვედრად ემზადება.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ამომრჩევლებს და აქტივისტებს დღეს საღამოს 18:00 საათზე ფილარმონიაში ელოდებიან.

ოპოზიცია ერთიანი გადაწყვეტილების აუცილებლობაზე საუბრობს, გეგმავენ კონსულტაციებსაც სხვა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებთანაც.

რაც შეეხება არჩევების მეორე ტურს, გაერთიანებული ოპოზიცია მას ხალხის წინააღმდეგ მიმართულ სპეცოპერაციას და ტოტალურ კრიმინალურ ტერორს უწოდებს.

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რის შემდეგაც გამოაცხადებენ სამოქმედო გეგმას.

„ჩვენი საბჭოს გადაწყვეტილება არის ეს, რომ აუცილებელია, შევხვდეთ ჩვენს მხარდამჭერებს იმიტომ, რომ ბევრი ითხოვს, შეკითხვები აქვთ და ითხოვს პასუხს და მათთან ერთად სამოქმედო გეგმას გამოვაცხადებთ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

არჩევნების ტოტალური გაყალბების და დაშინების ფონზე წარმართვას კრიტიკულად აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი, თინათინ ბოკუჩავა. მისი თქმით,  ერთობლივად, საზოგადოებასთან ერთდ უნდა შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა.

„ფაქტია, რომ დღევანდელი არჩევნები ჩატარდა ტოტალური გაყალბების ფონზე, სადაც ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, დაშინებას, ზეწოლას და რა თქმა უნდა, ამ შედეგის ასე მიღება, იმის გარეშე, რომ არ გვქონდეს არანაირი უკუგების შესაძლებლობა ჩვენს ამომრჩეველთან და ჩვენს მხარდამჭერებთან, არ არის მიზანშეწონილი,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

საზოგადოებრივი მოძრაობის „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, ნიკოლოზ ვაშაკიძე ამბობს, რომ არჩევნებმა აჩვენა, რომ ხელისუფლება კრიმინალურ ჯგუფებთან თანამშრომლობს.

„დღევანდელი პოლიტიკური რეჟიმი, პრაქტიკულად, სრულად შეეზარდა კრიმინალურ სამყაროს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არჩევნები ჩატარებულია პირდაპირი კრიმინალური ტერორის რეჟიმში,“ - განაცხადა ვაშაკიძემ. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი მონაცემების თანახმად, სალომე ზურაბიშვილს 59,6 %, გრიგოლ ვაშაძეს 40,4 % აქვს. 

ცესკო-მ ხმების თითქმის 100 პროცენტი უკვე დათვალა. წინასწარი მონაცემებით, კანდიდატებს შორის სხვაობა თითქმის 20 პროცენტია.

დღის ამბები