16 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
პარლამენტის გადმოტანა თბილისში - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები განმარტებას აკეთებენ

2019 წლიდან პარლამენტი თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები განმარტებებს აკეთებენ. საგაზაფხულო სესია უკვე თბილისის პარლამენტში გაიხსნება.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია ამბობს, რომ ქუთაისისთვის, როგორც რეგიონული ცენტრისთვის, არ არის განმსაზღვრელი, სად იქნება პარლამენტი.

„დეცენტრალიზაციისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია რეფორმით გათვალისწინებული სხვა გადაწყვეტილებების განხორციელება, როგორიც არის მეტი დაფინანსება რეგიონებს და ქალაქებს, რასაც ვგეგმავთ დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში. მეტი უფლებამოსილება საკუთრივ ადმინისტრაციებს ადგილზე, მეტი შესაძლებლობების გაჩენა, რაც იგულისხმება კიდეც და ერთი კვირის თავზე ჩვენ გვექნება ამაზე ლაპარაკი უფრო გაფართოებულ ფორმატში... რაც შეეხება ქუთაისს, ქუთაისისთვის დამატებით იქნება არაერთი პროექტი, რომელიც უკვე ხორციელდა ნაწილი, ნაწილი განხორციელდება,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ქუთაისში არაერთი პროექტი განხორციელდება, რომელიც რეგიონს უფრო მეტ მოგებას მოუტანს.

„ეს რეალური ფუნქცია უნდა გამოიხატოს საწარმოო მიმართულებებით, საუნივერსიტეტო მიმართულებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე უნდა იყოს გაკეთებული აქცენტი და მაქსიმალურად რესურსი უნდა ჩაიდოს ქუთაისის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში იმიტომ, რომ ტურისტული თვალსაზრისითაც და ბევრი სხვა ფუნქციის თვალსაზრისით ქუთაისს გაცილებით მეტი რესურსი აქვს, ვიდრე არის პარლამენტი,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღის ამბები