16 ივნისი 2019,   01:44
ვრცლად
„ამ უკანონობის განმაპირობებელია პოლიტიკური მხარე" - ნატო ჩხეიძე "ომეგა ჯგუფის" საწარმოს გაჩერებას ოქუაშვილის განცხადებას უკავშირებს

„ფინანსთა სამინისტროს მიერ აქციზური მარკების ხელახალი გაუცემლობა საწარმოსთვის იმ ვითარებაში, როდესაც საწარმომ გადაიხადა მიმდინარე ვალდებულებები, არის უკანონო,“- ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა და პარლამენტის წევრმა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა. კომპანიის ინფორმაციით, საწარმო კვლავ გაჩერებულია  და 1500-მდე პირი სამსახურის გარეშეა დარჩენილი

დეპუტატი ნატო ჩხეიძე კომპანიაში შექმნილ ვითარებას იმ განცხადებებსა და სქემას უკავშირებს, რომელიც „რუსთავი 2-ის“ ეთერში „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გაახმოვანა. კომპანიაში ეჭვობენ, რომ „ომეგა ჯგუფს“ ხელახალი პრობლემები ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ შეექმნა.

„ამ უკანონობის განმაპირობებელი, როგორ ჩანს, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მხარე. მე სწორად ამას ვუკავშირებ, რადგან არ შესრულდა მათი მხრიდან ყოვლად უზნეო მოთხოვნა,“- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

„ომეგა ჯგუფში“ ამბობენ, რომ კომპანიამ აქციზური მარკებისთვის საჭირო ინვოისის მოთხოვნა 12 ნოემბერს დააფიქსირა, თუმცა ის არ დაკმაყოფილდა, ხოლო რამდენიმე წერილზე პასუხი საერთოდ არ მიუღია.

„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები ამბობენ, რომ ეკონომიკური პრობლემების ფონზე, სამსახურის გარეშე დარჩენა, მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს.

„ძალიან დაძაბულ მდგომაროებაში ვართ, ეს ხალხი ხელფასზეა დამოკიდებული, ამით არჩენენ ოჯახებს,“- აცხადებენ „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები.

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა „კვირის აქცენტებთან“ დეტალურად ისაუბრა იმ საკითხებზე, თუ რა უძღოდა წინ კომპანიის ამუშავებას და რის სანაცვლოდ სთავაზობდა ხელისუფლება ათობით მილიონს. მთლიანობაში 60 მილიონამდე უნდა შესულიყო "ომეგა ჯგუფში," ყველა იმ გარიგების სანაცვლოდ, რაზეც ხელისუფლება წავიდა, მათ შორის იყო "ქართუ ბანკიდან"  8 მილიონიანი გადარიცხვა.

ზაზა ოქუაშვილის სკანდალური განცხადებების შემდეგ "კურიერმა" მოიპოვა დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, როგორ გადარიცხა არჩევნებამდე ორი დღით ადრე "ქართუ ბანკმა" ომეგა ჯგუფის ანგარიშზე 7 მილიონ ლარზე მეტი და როგორ ყიდულობდა ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენის დუმილს.

დღის ამბები