21 თებერვალი 2019,   00:50
ვრცლად
სასტიკად ნაცემი მუსლიმი სასულიერო პირი - სოფელ დაშთაფას მთავარ მოლას ფიზიკურად სასაფლაოზე გაუსწორდნენ

სასტიკად ნაცემი მუსლიმი სასულიერო პირი - სოფელ დაშთაფას მთავარი მოლა სხეულის დაზიანებებით მარნეულის საავადმყოფოში მოათავსეს. ელდანიზ სადიგოვი ამტკიცებს, რომ ფიზიკურად მას სოფლის სასაფლაოზე გაუსწორდნენ. მოლას დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. სადიგოვი ფიზიკურ ანგარიშსწორებას მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვას უკავშირებს, სადაც ის პოლიციის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა და მისი სახლის ძარცვაში დამნაშავე პირების დაკავებას ითხოვდა.

მამაკაცი, რომლსაც მოლა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს მისივე თანასოფლელი მირალ გასანოვია. ელდანიზ სადიგოვის და მისი ოჯახის მტკიცებით, გასანოვმა ის სახლიდან დილით მოტყუებით გაიყვანა, სოფლის სასაფლაოზე კი ჯერ დანით ემუქრებოდა, მოგვიანებით კი მის დახრჩობას ცდილობდა.

ნაცემი მოლა, მისივე მტკიცებით, სავარაუდო მოძალადემ სოფლის სასაფლაოსთან დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე მოგვიანებით სადიგოვის ოჯახის წევრები მივიდნენ და პოლიციის გამოძახება გადაწყვიტეს. თუმცა, სადიგოვების მტკიცებით, მათ 112-ში ოთხჯერ დარეკეს, ადგილზე კი სამართალდამცველები არ მივიდნენ. მოგვიანებით კი სოფელ შულავერის პოლიციაში თავად ნაცემი მოლა მივიდა, თუმცა ოჯახის ამბობს, რომ სამართალდამცველებმა ის არ გამოკითხეს და საავადმყოფოში გადაამისამართეს.

სოფლის სასაფლაოზე მომხდარ დაპირისპირებას თავდაპირველად ”კურიერთან” კატეგორიულად უარყო სავარაუდო მოძალადის ოჯახმა. მოგვიანებით კი მირალ გასანოვის მამამ კონფლიქტის პროვოცირებაში მოლა დაადანაშაულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ გამოძიება ნაცემი მოლის განცხადების საფუძველზე მალევე დაიწყეს. გამოძიება საქმეზე 126-ე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. 

ავტორი: ჯეიჰუნ მუჰამედალი

დღის ამბები