19 აპრილი 2024,   17:32
ვრცლად
გოგოჭურს გამოძიება დანაშაულის დაფარვას და უკანონო იარაღს ედავება, გიორგი რაზმაძე კი დაჭრის ფაქტზე იყო ძებნილი

პრეზიდენტის სიძე ისევ დაკავებულია. ამჯერად გამოძიება მინდია გოგოჭურს დანაშაულის შეუტყობინებლობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

მასთან ერთად დაკავებულია გიორგი რაზმაძე, რომელიც პოლიციის ინფორმაციით, ძებნილი იყო. ის ამჟამად უკვე გლდანის ციხეშია გადაყვანილი, რადგან მას სავარაუდოდ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდა წარდგენილი. როგორც ცნობილია, რაზმაძე გაზაფხულზე დადიანის ქუჩაზე 35 წლის მამაკაცის დაჭრის საქმეზეა ბრალდებული. 

სპეცოპერაცია გვიან ღამით იმ ქუჩაზე ჩატარდა, სადაც მინდია გოგოჭურს ბინა ჰქონდა ნაქირავები.

ბინის მეპატრონე "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ მან ბინა, სადაც გოგოჭური და რაზმაძე დააკავეს, ახალგაზრდა წყვილზე გააქირავა, რომლებიც მას საცოლედ და საქმროდ გაეცნენ.

„იქირავა ექვსი თვით, წყვილი იყო მოსული, ბიჭი და გოგო და იქირავეს ჩვეულებრივად როგორც საცოლემ და საქმრომ. სიტუაცია იყო ისეთი, რომ არაფერში ეჭვი შემპარვია. მე მართლა არ ვიცოდი სახელით და გვარით, ვინმესთან ნათესაურ კავშირში თუ იყო,“-ამბობს ბინის მეპატრონე.

მისი თქმით, გაქირავებულ სახლში სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ მას მეზობელმა აცნობა.

მეზობლები ამბობენ, რომ სპეცოპერაცია ღამით დაიწყო. სამართალდამცველები თავდაპირველად ბინაში მცხოვრებ პირებს კარის გაღებას სთხოვდნენ, თუმცა მათ კარი არ გააღეს, რის შემდეგაც სპეცრაზმს მისი სპეციალური ხელსაწყოთი შემტვრევა მოუხდა.

„მეგონა ლიფტში გაიჭედა ვიღაც. სპეცრაზმელები რომ მივიდნენ სწრაფად დამთავრდა ყველაფერი. კარების გაღებას სთხოვდნენ, როგორც მესმოდა ის არ უღებდა. თავიდან როგორც ჩანს ფეხით ცდილობდნენ, ფეხით რკინის კარი ვერ შეამტვრიეს, მერე სპეცრაზმელები მოვიდნენ და როგორც ჩანს სპეციალური ტექნიკით გააღეს,“-ამბობს მამუკა კაპანაძე.

დღის ამბები