23 მარტი 2019,   17:28
ვრცლად
უხარისხო საკვები, გაკოტრებული კომპანიები ან კვების გარეშე დარჩენილი ბაღის აღსაზრდელები - ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მერიის წინააღმდეგ

მომავალი წლიდან საჯარო ბაგა-ბაღებისთვის საკვების მიმწოდებელი კომპანია არ ჩანს. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერით კომპანიები არ ინტერესდებიან. მიზეზი სავარაუდოდ, ის არის, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ერთი აღსაზრდელის გამოსაკვებად დღეში 3.24 ლარია გამოყოფილი. ეს ზუსტად ის თანხაა, რაც გასულ წელს ბაღის აღსაზრდელთა კვებისთვის იხარჯებოდა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფასი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვით არის განსაზღვრული მიუღებელია კომპანიებისთვის, რადგან ხარისხიანი საკვების შესატანად 3.24 თეთრი საკმარისი არ არის.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ კომპანიებს მერია მკაცრ მონიტორინგს უწესებს, რათა საკვები ხარისხიანი იყოს, თუმცა ამ თანხით შეუძლებელია კარგი საკვების შეძენა.  

ხაბეიშვილი არასწორ მენეჯმენტზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ ამ ტენდერში მონაწილეობას კომპანიები არ ისურვებენ, რადგან ეს მათ გაკოტრების საფრთხეს შეუქმნის.

„მედია, ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ მონიტორინგს და ფაქტობრივად ზეწოლის ქვეშ უწევთ მუშაობა რომ ხარისხიანი შეიტანონ, როცა იძულებული ხდება, რომ ხარისხიანი შეიტანოს რამდენიმე თვიანი მონიტორინგის შემდეგ ეს კომპანია უკვე არის გაკოტრების საფრთხის წინაშე და ფაქტობრივად ამ კომპანიას აღარ შეუძლია რომ ის ვალდებულებები რაც წინა წელს აიღო, აიღოს ახლაც საკუთარ თავზე. საბოლოოდ მივიღეთ, გაკოტრებული კომპანია, რამდენიმე თვე უხარისხო კვება ბაღებში, არასწორი მენეჯმენტი და წლის ბოლოს ვღებულობთ ისევ არასწორ მენეჯმენტს, ისევ იგივე წრეზე მივდივართ. იგივენაირად უნდა ვემათხოვროთ კომპანიებს, შეიძლება იყოს იგივე პრობლემები, იგივენაირად შეიძლება რძე შეიტანონ კონიაკის შეფუთვით,“-ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ინგა გუგავა ამბობს,რომ მერია კომპანიებს საბავშვო ბაღებში უხარისხო პროდუქციის შეტანისკენ უბიძგებს.

„ეს იქნება რეალობა, იმიტომ რომ ვერცერთი კომპანია დაბალი ფასიდან გამომდინარე ვერ მიიღებს მონაწილეობას ტენდერში. კომპანია ნილი, რომელიც ამარაგებდა აქამდე აცხადებს, რომ არ მიიღებს ამ ტენდერში მონაწილეობას,“-ამბობს გუგავა.

დღის ამბები