07 დეკემბერი 2019,   23:37
ვრცლად
სპეცოპერაცია პრეზიდენტის ოჯახის წევრის დასაკავებლად - პოლიციის რაზმმა პირველი ლედის სიძე და მისი მეგობარი სახლში დააკავა

სპეცოპერაცია პრეზიდენტის ოჯახის წევრის დასაკავებლად - პოლიციის რაზმმა, რომელიც სპეციალური საშუალებებით იყო აღჭურვილი, პირველი ლედის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი გიორგი რაზმაძე ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე სახლში დააკავეს. წარსულში არაერთხელ ნასამართლევი გოგოჭური, ძებნილ მეგობართან ერთად, ნაქირავებ ბინაში წუხელ დააპატიმრეს.

მობინადრეებმა სამართალდამცველებს კარი არ გაუღეს, ამიტომ მათ პნევმატური ჩაქუჩი გამოიყენეს. წუხანდელი სპეცოპერაციის ერთ-ერთი თვითმხილველი კი დაკავებულების ადვოკატია. შოთა მანელიძე ადგილზე პოლიციის მიერ კარის შემტვრევის შემდეგ მივიდა და ოფიციალური პროცედურების დასრულებამდე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მას კითხვის ნიშნები მხოლოდ სამართალდამცველთა სიმრავლის გამო აქვს.

ოპერატიული მასალის მიხედვით, გოგოჭურის ნაქირავები ბინიდან პოლიციამ ორი ჯავშანჟილეტი ამოიღო. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ცეცხლსასროლი იარაღის დაშლილი ნაწილები იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბინაში პოლიციის შესვლამდე დაკავებულებმა იარაღი დაშალეს და აივნიდან გადაყარეს.

მინდია გოგოჭურს გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და დანაშაულის დაფარვას ედავება. პოლიციის ვერსიით გოგოჭურმა მათ მეგობარ გიორგი რაზმაძის მიერ მაისში ჩადენილი დანაშაული არ შეატყობინა. გამოძიების ცნობით, 6 თვის წინ რაზმაძემ სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ მიმდებარე ტერიტორიაზე 35 წლის შალვა რობაქიძე დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

6 თვის წინ მომხდარზე დაზარალებულის მამამ ისაუბრა. თენგიზ რობაქიძე ამბობს, რომ შვილის დაჭრის მომენტში ავტოსამრეცხაოში იმყოფებოდა. მისივე მონაყოლის მიხედვით, გიორგი რაზმაძე ერთ-ერთ ახალგაზრდა მამაკაცს საქმის გასარჩევად ჰყავდა მიყვანილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები