18 აპრილი 2024,   21:53
ვრცლად
მორიგი სკანდალი - ფილმ „დონბასის“ რეჟისორს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სპეცოთახში დაკითხვების სერია მოუწყვეს

ბატალიონ დონბასის 7 ვეტერანის დაკავების შემდეგ ქართველი მესაზღვრეები ფილმ დონბასის რეჟისორს აკავებენ - ფილმ „დონბასის“ რეჟისორს, სერგეი ლოზნიცას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სპეც ოთახში დაკითხვების სერია მოუწყვეს. ლოზნიცა, რომელიც კანის ფესტივალის გამარჯვებულია, თბილისის აეროპორტში აიყვანეს და მხოლოდ რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. 

კანის კინოფესტივალის გამარჯვებული უკრაინელი კინორეჟისორი გაოგნებას ვერ მალავდა, როდესაც ქართველმა მესაზღვრეებმა ლამის, საქართველოში დაგეგმილი ფილმის ჩვენება ჩაუშალეს. რეჟისორი თბილისის მეცხრამეტე კინოფესტივალზე, ფილმ „დონბასის“ კინოპრემიერაზე ჩამოვიდა.  

შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის ერთ ოთახში ლოზნიცას, არც კი უთხრეს, ვინ იყვნენ უფორმო მამაკაცები, რომლებიც ცნობილ კინორეჟისორს ქვეყანაში შემოსვლის უფლებას არ აძლევდნენ. სერგეი ლოზნიცამ ერთ-ერთს მისი სახელის google-ის საძიებო სისტემაში ჩაწერა ურჩია. ამის შემდეგ, რეჟისორი მალევე გამოუშვეს, თუმცა ცოტა უფრო ადრე, კიდევ ერთ უკრაინელ რეჟისორს აეროპორტის განცალკევებულ ოთახში სამი საათი ალოდინეს.

ლოზნიცა არ არის უკრაინის ერთადერთი მოქალაქე, რომელიც ფიქრობს, რომ თბილისში უკრაინელებს პრობლემებს უქმნიან.

დღეს უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სემიონ სემენჩენკო მატროსოვის ციხეში უკრაინის 6 მოქალაქისთვის ამანათის შესაგზავნად მივიდა. უკრაინის 6 მოქალაქე, რომლებიც, დეპუტატის მტკიცებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტით ჩამოვიდნენ, დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

სემენჩენკოს თქმით, ქართველი სამართალდამცველები უკრაინის მოქალაქეების ციხეში გაშვებას გაყალბებული მტკიცებულებებით ცდილობენ. სემენჩეკო ჰყვება, რომ პოლიციამ დაკავების დროს, უკრაინის მოქალაქეების გენეტიკური მასალა მოტყუებით მოიპოვა. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ დნმ-ის ნიმუშები ნებისმიერ აკრძალულ ნივთზე გადაიტანონ და ასე გააჩინონ მტკიცებულებები გამოგონილ საქმეში.

უკრაინის 6 მოქალაქე თბილისში კვირას, ოპოზიციის აქციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და ბრალი იარაღის-შეძენა შენახვის მუხლით წაუყენეს. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

ამავე თემაზე
დღის ამბები