მმართველ გუნდს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებაც ოპოზიციის თანხმობის გარეშე მოუწევს. მთავრობის მიერ არჩეული არასწორი პრიორიტეტები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო დააზარალებს - ეს არის ოპოზიციის შენიშვნა, რის გამოც ისინი მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარს არ დაუშჭერენ.
ბიუჯეტის პროექტს კენჭისყრამდე დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. მოცულობა 13 მილიარდზე მეტია, რაც იმას ნიშნავს რომ წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი 600 მილიონით არის გაზრდილი.
„კვლავ შენარჩუნებულია ყველა ბიუროკრატიული ხარჯი. ხელფასიც კი გაიზარდა ამ ბოლო შემობრუნებულ ვარიანტში. 2 მილიარდი გახდა ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი, 200 მილიონით გაზარდეს, როდესაც 300 მილიონიანი ჩავარდნაა ამ წელიწადს და ყოველ წელიწადს გვქონდა ერთი და იგივე სურათი. ფაქტია, რომ ეს ბიუჯეტი იმეორებს ყველა იმ შეცდომას, რაც იყო წინა ბიუჯეტებში,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
განათლების სისტემის კუთხით არსებულ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას „ევროპული საქართველოს“ წევრები. სერგო რატიანის თქმით, მთავრობა პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდას არც 2019 წელს აპირებს.
„მეორე მოსმენის დროს სკოლების ინფრასტრუქტურას დაამატეს 40 მილიონი და მე ვამბობდი, რომ ეს 40 მილიონი შესაძლებელია, რომ გადავიტანოთ სხვა მუხლში და დააფინანსონ სერთიფიცირებული მასწავლებლების ზრდა. ახლა მოსმენაზე გამოიტანეს, ეს 40 მილიონი აღარ არის, მაგრამ საერთოდ არის გადატანილი სხვა მუხლებში,“-ამბობს სერო რატიანი.
მთავრობის პრიორიტეტები, სოციალური, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებები იქნება.