25 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია ჩვენი წინაპრების ხედვასთან - პრემიერი თვითმმართველობის განვითარებაზე 

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარლამენტი სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმს მასპინძლობს.

ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის 100-ზე მეტ წარმომადგენელს სიტყვით საქართველოს პრემიერმა მიმართა.

მამუკა ბახტაძემ თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ფორუმი მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით.

"საქართველოში და ქართულ დემოკრატიაში თვითმმართველობას ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა და განსაკუთრებულია, რომ დღევანდელი ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია ჩვენი წინაპრების ხედვასთან, პირველ რესპუბლიკასთან თუ როგორ სურდათ მათ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება.

"სახელმწიფო ორგანოების მიერ ცენტრალიზებულად მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ვერ პასუხობენ ადგილზე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ მმართველობის სისტემა ადეკვატურად პასუხობდეს საზოგადოებრივ მოთხოვნებს და უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აუცილებელია მმართველობითი უფლებამოსილებისა და შესაბამისი რესურსების გადანაწილება მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებს შორის. შესაბამისად, მმართველობის დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა მნიშვნელოვანია და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახლავთ."-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ფორუმზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები, გაიზიარონ გამოცდილება და დასახონ სამომავლო გეგმები.

ბახტაძის თქმით, აუცილებელია რეგიონალური მმართველობა დემოკრატიულად განვითარდეს.  

"საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიის პროცესი.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისი ინიციატივითაც შეიქმნა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების  ინსტიტუციური დიალოგის პლატფორმა.

ეს ფორუმი საშუალებას იძლევა გვქონდეს ერთგვარი საკონსულტაციო მექანიზმი, სადაც კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება თვითმმართველობები დასვან კითხვები, მიიღონ მათზე პასუხები, გაიზიარონ გამოცდილება,დ ასახონ სამომავლო გეგმები და განსაზღვრონ შესასრულებელი ამოცანები.

ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩამოვაყალიბოთ  ის მოდელები, რომლებიც გვჭირდება დღეს, რომლებიც დღეს სჭირდება საქართველოს, რომ თვითმმართველობის სისტემა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს,"-განაცხადა პრემიერმა.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე დედაქალაქის მერმა დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კალაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს,რომ რეგიონების მართვაში მოქალაქეები აქტიურად იყვნენ ჩართული.

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და პრიორიტეტი სწორედ დეცენტრალიზაციის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის პოლიტიკაა. ამაზე ცხადად მეტყველებს უკვე ჩვენ მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები. მათ შორის, აღსანიშნავია 2014 წლიდან დაწყებული თვითმმართველობის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ ხელისუფლებებს გაცილებით მეტი ძალაუფლება და მეტი ფინანსური რესურსი მიენიჭათ,“-განაცხადა კალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები