13 დეკემბერი 2018,   11:29
ვრცლად
ამ დრომდე არ გვაქვს წვდომა გამოძების მასალებზე -  სარალიძის და მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეები ომბუდსმენის ყოველწლიურ მოხსენებაში მოხვდა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაღუპული მოზარდის, დავით სარალიძის და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული, 19 წლის ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების გამოძიებას კიდევ ერთხელ ითხოვს. ამის შესახებ ომბუდსმენმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, ხორავას ქუჩის საქმეზე არ ჩატარებულა აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.

„ჩვენ მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით, თუმცა, გამოძიება არ დაწყებულა. რაც შეეხება შიდა მოკვლევას, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ამ ეტაპისთვის ჩვენთვის ცნობილი არ არის შიდა მოკვლევის მიმდინარეობის შედეგები,“ - ამბობს ლომჯარია.

ლომჯარია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ ომბუდსმენის აპარატს ამ დრომდე არ აქვს წვდომა გამოძიების მასალებთან.

ნინო ლომჯარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, პროკურატურას გამოძიება ამ დრომდე არ დაუსრულებია.

„ასევე აღსანიშნავია თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმე, რასთან დაკავშირებითაც, მათ შორის, საქართველოს პარლამენტმაც გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და დაავალა პროკურატურას გამოძიების დროულად დასრულება, თუმცა, ამ დროის მონაცემებით არ გვაქვს წვდომა გამოძიების მასალებზე,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან უკვე ერთი წელი გავიდა, თუმცა, გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია, ვინ მოკლა დავით სარალიძე. ასევე, სიმართლის დადგენას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ მაჩალიკაშვილების ოჯახი.

შვილმოკლული მამები უკვე რამდენიმე თვეა, პარლამენტის შენობასთან მათი შვილების მკვლელების და მათი მფარველების დასჯის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მართავენ.

დღის ამბები