22 იანვარი 2019,   03:08
ვრცლად
მინისტრთა კომიტეტმა პირდაპირ დაავალა მთავრობას, რომ ჩაატაროს გამოძიება მერაბიშვილზე განხორცილებული ზეწოლის კუთხით - ოთარ კახიძე

ადვოკატი, ოთარ კახიძე ევროპის საბჭოს კომიტეტის მიერ მერაბიშვილის განაჩენების ეჭვქვეშ დაყენებას ეხმაურება. კახიძის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებისთვის.

კახიძე აღნიშნავს, რომ პრაქტიკულად, მინისტრთა კომიტეტმა მთავრობას მოუწოდა, რომ ვანო მერაბიშვილზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატაროს.

„პირველად დადგა ეჭვქვეშ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენების კანონიერება, ვინაიდან მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა და დაავალა პირდაპირ, მთავრობას, რომ ჩაატაროს გამოძიება მასზე განხორცილებული ზეწოლის, იმ კუთხით, რომ დადგინდეს აღნიშნული ზეწოლის კავშირი მის წინააღმდეგ წარმოებულ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, ვინაიდან, პრაქტიკულად, ეს არის ვანო მერაბიშვილის სამომავლო მარეაბილიტირებელი საფუძველი, ერთი საქმით, რომელიც ეხებოდა მის წინასწარ პატიმრობას, ეჭვქვეშ დადგა ყველა განაჩენი, რომლის გადასინჯვასაც, რა თქმა უნდა, მისი დაცვის მხარე აუცილებლად მოითხოვს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

კომიტეტში არ გამორიცხავენ, რომ არსებობდეს კავშირი ამ განაჩენებსა და იმ ზეწოლას შორის, რომელსაც ადგილი ჰქონდა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის დროს. ამის გამო, ევროსაბჭოს კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რაც შეიძლება დროულად გამოიძიოს მთავრობამ ყოფილი პრემიერის ციხიდან გაყვანის ფაქტი, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და დაიწყოს მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა.

საკითხს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი 2019 წლის ივნისში ისევ დაუბრუნდება და შეამოწმებს, როგორ შეასრულა ეს ვალდებულებები საქართველოს მთავრობამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები