25 აპრილი 2024,   19:26
ვრცლად
ერთადერთი გამოსავალი იმ ცვლილებებისა და რეფორმებისათვის, რომლის საჭიროება არსებობს ქვეყანაში, არის ახალი ხელისუფლების ყოლა - აბესაძე

„ერთადერთი გამოსავალი იმ ცვლილებებისა და რეფორმებისათვის, რომლის რეალური მოლოდინი და საჭიროება არსებობს ქვეყანაში, არის ახალი ხელისუფლების ყოლა,“ - ეს განცხადება, საპარლამენტო უმცირესობის მდივანმა, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, ირაკლი აბესაძე გააკეთა.

ირაკლი აბესაძე ოპოზიციის ერთიან მთავარ მოთხოვნას - საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ირაკლი აბესაძე საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სწორედ ახალი ხელისუფლება იქნება ამომრჩევლის ნების გამომხატველი.

„ასეთი შეიძლება მივიღოთ მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად, რაც ნაკლებ შანსს უტოვებს ხელისუფლებას მოახდინოს საარჩევნო კანონმდებლობით მანიპულირება, დაამახინჯოს ამომრჩევლის ნება და, ფაქტობრივად, მიიტაცოს ხელისუფლება ისე, რომ მას ამომრჩევლის რეალური მხარდაჭერა არ ჰქონდეს. თუ კი ისინი უყურებენ ფორმალურად მეორე ტურში მიღებულ ციფრებს, მათ უმჯობესია შეხედონ რეალურად მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას, საარჩევნო სისტემაში ცვლილებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოიცავს. ოპოზიციის მოთხოვნის განსახილველად მმართველ ძალას ვადა 16 დეკემბრამდე აქვს, როდესაც არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი.

მმართველი გუნდისთვის კი ოპოზიციის მოთხოვნები მიუღებელია და ამბობენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მათთვის მიუღებელია, რადგან მათი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის.

 

დღის ამბები