13 დეკემბერი 2018,   11:28
ვრცლად
არალეგიტიმური მოთხოვნა - „ქართული ოცნებისთვის“ ოპოზიციის მოთხოვნები კატეგორიულად მიუღებელია

„ქართული ოცნებისთვის“ ოპოზიციის მოთხოვნები კატეგორიულად მიუღებელია. მმართველი გუნდის წევრებისთვის ოპოზიციის ერთიანი მოთხოვნა, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ეხება, უსაფუძვლოა.

მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიციის საპასუხო განცხადებები პარლამენტში გააკეთა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი მიმდინარეობს.

ხელისუფლების ოპონენტები კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, ეს მოთხოვნა მხოლოდ იმ პარტიებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლებიც ამ ეტაპზე პარლამენტში არ არიან წარმოდგენილი.

„რაიმე კითხვის ნიშანია პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, კონსტიტუციური საფუძველი შეიქმნა, რაც დღეს წერია კონსტიტუციაში, როცა შეიძლება დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? მე ამ კითხვებს ვსვამ და ამ კითხვებზე პასუხი ვერ მოვისმინე,“ - ამბობს ბესელია.

ოპოზიციის მოთხოვნას არალეგიტიმურს უწოდებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე. დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციას ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ რევოლუციური სცენარით წარმოუდგენია, რაც მისთვის მიუღებელია.

"ეს არ არის ლეგიტიმური მოთხოვნა მათი, ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ სწორედ იმ მანდატის ფარგლებში მუშაობას, რომელი მანდატიც ჩვენ ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოგვცა," - ამბობს კილაძე.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას, საარჩევნო სისტემაში ცვლილებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოიცავს. ოპოზიციის მოთხოვნის განსახილველად მმართველ ძალას ვადა 16 დეკემბრამდე აქვს, როდესაც არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი.

დღის ამბები