22 მარტი 2019,   08:59
ვრცლად
თანხას არ იხდის კომპანია, შესაბამისად, ვერ იღებს მარკებს - ფინანსთა სამინისტრო "ომეგა ჯგუფის" ბრალდებებს პასუხობს

„ომეგა ჯგუფის“ პრეტენზიებს ფინანსთა სამინისტროში არ იზიარებენ და კომპანიას ვალის დაფარვისკენ მოუწოდებენ.

საქმე ეხება, „ომეგა ჯგუფის“ სარჩელს, რის მიხედვითაც კომპანია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და მის კონტრაქტორ კომპანიას „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას“ სასამართლოში უჩივის.

მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე „ომეგა ჯგუფის“ ბრალდებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ საწარმოს ხელოვნურ პრობლემებს არავინ უქმნის და აქციზურ მარკებს შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ მიიღებენ.

"გადაიხადოს, რაც არის გადასახდელი, თუნდაც, მიმდინარე აქციზური მარკების ღირებულება და შესაბამისად მოხდება შესაბამისი რაოდენობის აქციზური მარკების გაცემა, რამდენჯერაც გადაიხდის, იმდენჯერ მოხდება. ხელოვნურად არ არსებობს, თანხას არ იხდის კომპანია, შესაბამისად, ვერ იღებს მარკებს," - ამბობს კაკაურიძე.

„ომეგა ჯგუფი“ მოითხოვს, რომ შეწყდეს კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებები და დაუყოვნებლივ გაიცეს აქციზური მარკები, რათა საწარმომ მუშაობა გააგრძელოს.

„ომეგა ჯგუფის“ საწარმო კვლავ გაჩერებულია და 1500-მდე პირი სამსახურის გარეშეა დარჩენილი.

„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი, ლევან აღდგომელაშვილი საწარმოსთვის მუშაობის შეჩერებას სადამსჯელო ღონისძიებად აფასებს. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები