25 აპრილი 2024,   13:31
ვრცლად
ივანიშვილი ისევ გაუჩინარდა - "ქართული ოცნების" წევრებს პარტიის ლიდერთან არჩევნების შემდეგ შეხვედრა არ ჰქონიათ

ბიძინა ივანიშვილი ისევ გაუჩინარდა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მმართველი გუნდის წევრებს აღარ უნახავთ და არც უმრავლესობის სხდომა ჩატარებულა.

უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ აქვთ, თუმცა ადასტურებენ, რომ არჩევნებიდან უკვე 9 დღეა გასული და ყოფილი პრემიერი მათ არ შეხვედრია. ისინი იმედოვნებენ, რომ პარტიის ლიდერს მაშინ შეხვდებიან, როცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეკრება ჩაინიშნება.

"არჩევნების შემდეგ უმრავლესობის შეკრება არ ჩატარებულა. როდესაც იქნება უმრავლესობის შეკრება, რომელსაც, როგორც წესი ესწრება პარტიის თავმჯდომარე. იქ თუ გვექნება ამაზე მსჯელობა და შევთანხმდებით მერე შეიძლება გითხრათ. ვიღაცას შეიძლება სურვილი აქვს გაქრეს ეს ადამიანი პოლიტიკური ველიდან მაგრამ, ის უფრო და უფრო აქტიურია,“-ამბობს ლევან კობერიძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ ის გურჯაანის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა და აქ არ იყო. სონღულაშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია.

"სადაც იყო იქ დარჩა ბატონი ბიძინა" - ასე პასუხობს კითხვას, სად არის ბიძინა ივანიშვილი, აკაკი ზოიძე. უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ივანიშვილის პარტიის ლიდერია და ის ცალკე მდგომი პოლიტიკური ფიგურა არ არის.

„არ არსებობს ცალკე მდგომი ბიძინა ივანიშვილი, არსებობს "ქართული ოცნება" პარტია, არსებობს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და ასევე არსებობს "ქართული ოცნების" ხელისუფლება,“-ამბობს აკაკი ზოიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ამბობს, რომ ის პოლიტსაბჭოს სხდომებს არ ესწრება, რადგან პოლიტსაბჭოს წევრი არ არის. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ის აქამდეც იშვიათად ხვდებოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო პერიოდში. ის განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ პარტიის ლიდერი არჩევნების დასრულების შემდეგ არსად გამოჩენილა.

„გამოჩენა არ გამოჩენასთან დაკავშირებით მე ვიტყოდი, რომ ხშირად ჩანს მიხეილ სააკაშვილი ტელევიზიით, მაგრამ აქამდე არც ჭკვიანური უთქვამს რამე და არც საქართველოსთვის სასარგებლო,“-ამბობს ვოლსკი.

დღის ამბები