25 აპრილი 2024,   03:32
ვრცლად
პრეზიდენტის ინაუგურაციის ახალი დეტალები ცნობილია

მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ინაუგურაციის დეტალებზე იმსჯელეს. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, კახი კახიშვილთან ერთად პრეზიდენტის ინაუგურაციის დეტალებზე, მათ შორის, ლოკაციებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ინაუგურაციის სცენარის დეტალებზე საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა კომენტარი არ გააკეთეს. მედიასთან კომენტარის გაკეთება აღარ ისურვეს შემოქმედებითი ნაწილის ხელმძღვანელებმა რეჟისორებმა, მათ შორის, ბასა და თამარ ფოცხიშვილებმა.

კახა კახიშვილის განმარტებით, ინაუგურაციის ლოკაციების ოდენობა გაიზარდა, შესაძლებელია, ერთ-ერთ ლოკაციად თბილისისც განისაზღვროს, ეს კი საინაუგურაციო ბრძანებულების გამო გადაწყდა, რადგან განკარგულების თანახმად, რომელიც ინაუგურაციის წესს და მთელ სცენარს განსაზღვრავს, ნახსენებია, რომ პრეზიდენტი თავდაპირველად მთაწმინდის პანთეონში, ილია ჭავჭავაძის საფლავთან უნდა მივიდეს. ასევე გარკვეული აქტივობებია გაწერილი პარლამენტის შიდა ეზოში, პრეზიდენტის ფლიგელშიც. როგორც კახა კახიშვილი ამბობს, თავად სალომე ზურაბიშვილს აქვს სურვილი, რომ ეს კომპონენტიც ჩართული იყოს ჩართული ინაუგურაციის სცენარში.

„ახლადარჩეულ პრეზიდენტს აქვს სურვილი, რომ მივიდეს კონკრეტულად და იმ რიტუალურ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც გაწერილი იყო ბრძანებულებით - მთაწმინდის პანთეონზე შეიძლება, ამაზე არის საუბარი,“ - განაცხადა კახიშვილმა.

შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ფიცს თელავში, ერეკლე მეორეს სასახლის ეზოში დადებს, საპატიო სტუმრებს კი წინანდალში მიიღებენ. კახიშვილმა ასევე დაამატა, რომ შეთანხმებული ბოლომდე არაფერი არ არის და საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს ინტენსიურ რეჟიმში, ყოველდღე მოუწევთ შეხვედრა.

„დღეს იყო სცენარის განხილვა, მონაწილეების განხილვა, ჩვენ ველოდებით ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საბოლოოდ დასტურს უცხოელი პარტნიორების წარმომადგენლები, ვინ დაესწრება კონკრეტულად ინაუგურაციას. ეს არის ახლა მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული ჩვენთვის, რომ გავიგოთ, რამდენი სტუმარი ჩამოდის, რომ ღირსეულად დავხვდეთ. თუ ჩვენ არ ვიცით სტუმრების რაოდენობა, თუ ჩვენ არ ვიცით საბოლოო სცენარი, ბუნებრივია, ბიუჯეტი ვერ იქნება დათვლილი,“ - განაცხადა კახიშვილმა.

დღის ამბები