23 აპრილი 2024,   12:40
ვრცლად
"მოლოდინი მაქვს იმის, რომ სასამართლო გამოიტანს ამ ბანდიტების გამამტყუნებელ განაჩენს" - არჩილ ტატუნაშვილის მამა

„მოლოდინი მაქვს იმის, რომ გამოიტანს სასამართლო ამ ბანდიტების გამამტყუნებელ განაჩენს,“ - ეს განცხადება არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გივი ტატუნაშვილმა, გააკეთა.

გივი ტატუნაშვილი ცენტრ ემპათიას მიერ მომზადებულ სარჩელს ეხმაურება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოშია გადაგზავნილი და დართული აქვს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაიტაცეს და წამებით მოკლეს.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები სტრასბურგის სასამართლოსგან ელოდებიან, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ყველა ის ადამიანი დაისჯება, რომელმაც არჩილ ტატუნაშვილის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

„დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, დაისჯებიან და კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. ხელი არ მიუწვდება ქართულ მხარეს იმათთან. კი წითელი ცირკულარით იძებნებიან, მაგრამ რა ვიცი. დასჯილები იქნებიან, რა თქმა უნდა, თუ ხელში ჩაუცვივდათ ინტერპოლის წევრ ქვეყნებს, რა თქმა უნდა, იქნებიან დასჯილები, თუ არადა აზრი არ აქვს არაფერს,“ - განაცხადა გიგი ტატუნაშვილმა.

ცენტრ ემპათიას მიერ მომზადებული სარჩელის განხილვას სტრასბურგის სასამართლო დაჩქარებული წესით დაიწყებს. 800-გვერდიან დოკუმენტაციაში ყველა ის მტკიცებულება დევს, რომლითაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ქართველი ჯარისკაცის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

დღის ამბები