18 აპრილი 2024,   14:09
ვრცლად
ყალბი პირადობების საქმეზე დღეს პროკურატურაში ნუგზარ ცინცაძეს გამოკითხავენ

პროკურატურაში დღეს ლანჩხუთის მერიის ყოფილ თანამშრომელს, ნუგზარ ცინცაძეს,  გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ. 

საქმე ეხება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატის „ნაციონალური მოძრაობიდან“, კახა ასკურავას, მიერ რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი  პირების პირადობის მოწმობების პოვნას, რომლებიც, მისი თქმით, ერთ-ერთ სარდაფში რამდენიმე ერთად იყო გადაყრილი.  

ოპოზიცია ეჭვობს, რომ ეს პირადობები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებისთვის სჭირდებოდა. 

ამ საკითხზე საგანგებო პრესკონფორენცია დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ლევან ხაბეიშვილმა, ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, კახა ასკურავასთან, ერთად გამართა.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ პირადობის მოწმობების შესახებ კეთილმოწყობის სამსახურის ადგილობრივი თანამშრომლის, ნუგზარ ცინცაძის, მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს, პირადობის მოწმობები ნეკროლოგებისთვის სჭირდებოდათ, სიცრუე და ხელისუფლების დაკვეთილი პიარია.

გაზეთ ლანჩხუთი პლუსის რედაქტორი, ქეთევან ვაშაკიძე და მარეხ ორაგველიძე გამოძიებამ გუშინ უკვე გამოკითხა. ისინი პროკურატურაში ერთ-ერთი მედიასაშუალებით კახა ასკურავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული სიუჟეტის გასვლის შემდეგ დაიბარეს.

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, კახა ასკურავა, მთავარ პროკურატურაში 3 დეკემბერს მას შემდეგ გამოიკითხა, რაც მან სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინა.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები