24 აპრილი 2024,   18:14
ვრცლად
ქმოსტელის საქმე - შსს-ს მაღალჩინოსანს სასურველი ჩვენების მიღების სანაცვლოდ დაკავებულისთვის ნარკოტიკის მიცემას ედავებიან

ნაფიცმა მსაჯულებმა 37 წლის დავით ქმოსტელის სასტიკი მკვლელობის საქმეზე უპრეცედენტო ვერდიქტი გამოაცხადეს.

12-მა მსაჯულმა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულები ლევან ყანდორელაშვილი და გიგა ჭალელიშვილი უდანაშაულოდ სცნო. 8 თვისა და 25 დღის შედმეგ ოჯახმა ისევ არ იცის, ვინ მოკლა 2018 წლის 4 თებერვალს 37 წლის დავით ქმოსტელი.

მეგობართან მისული ქმოსტელი ეზოში ავტომატით ჩაცხრილეს. სამართალდამცავებმა ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით ლევან ყანდორელაშვილი და გიგა ჭალელიშვილი დააკავეს.

საზარელი მკვლელობის მთავარი მტკიცებულება ლევან ყანდორელაშვილის აღიარებითი ჩვენებაა, სადაც დაკავებული დეტალურად ყვება მკვლელობის მოტივს. "კურიერმა" ასევე მოიპოვა ვიდეოჩანაწერი, რომელიც პოლიციის განყოფილებაშია ჩაწერილი.

ორი აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, ნაფიცმა მსაჯულებმა დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ლევან ყანდორელაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ აღიარებამდე მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციის მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ, რომელიც ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებაშიც ფიგურირებს, ნარკოტიკული ნივთიერება მიუტანა, გაუკეთა და სასურველი ჩვენებაც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისგან მოიპოვა.

იოსებ სიგუას ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ასევე დაკავებულის ძმა - გურამ ყანდორელაშვილი, ადანაშაულებს. 

გაუკეთეს თუ არა სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერება დაკავებულს პოლიციის შენობაში, ამ საქმეზე მტკიცებულებები არ არსებობს. ერთ-ერთი ვიდეომასალაში კი ჩანს, როგორ შეყავს მეტადონის პროგრამაში დარეგისტრირებული ყანდორელაშვილი ნარკოტიკების მისაღებად პირადად სიგუას.

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულები 12-მა მსაჯულმა უდანაშაულოდ სცნო, პროკურატურა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე საუბრობს. პროკურატურაში არ მალავენ, რომ ნაფიცი მსაჯულების გადაწყვტილება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო.

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი საბოლოოა და ის არ საჩივრდება. მოკლული 37 წლის დავით ქმოსტელის ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ ნაფიცი მსაჯულების გამამართლებელი ვერდიქტი მათზე განხორციელებული ზეწოლის შედეგია.

დღის ამბები