18 აპრილი 2024,   19:20
ვრცლად
„სამინისტროს დირექტორი არ გაუთავისუფლებია" - განათლების სამინისტრო ია კერზაიას ოჯახის ბრალდებებს არ იზიარებს

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ოჯახის ბრალდებებს განათლების სამინისტროში არ იზიარებენ. განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე ამბობს, რომ სკოლაში გეგმიური შემოწმება განაცხადის საფუძველზე დაიწყო. უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ სახალხო დამცველის აპარატთან და ყველა შესაბამის უწყებასთან.

„სამინისტროს დირექტორი არ გაუთავისუფლებია და დასკვნები მომზადდა შესაბამისი წესით და გადაეცა სკოლის სამეურვეო საბჭოს, რომელსაც შემდგომში უნდა ემსჯელა დასკვნაზე და ასეც მოხდა. ძალიან სამწუხაროა, რომ განათლების სისტემის და სკოლის ჩართვა ხდება ისევ პოლიტიკის საკითხებში. 2012 წლიდან მთავრობამ განაცხადა არაერთხელ, რომ სისტემის დეპოლიტიზება  არის უმნიშვნელოვანესი, ამიტომ ჩვენ ცხადია არ ვიზიარებთ ამ პოზიციას,“-განაცხადა  ირინა აბულაძემ.

ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში გენ. ინსპექცია შევიდა. თავად კერზაია ამბობდა, რომ გენ. ინსპექციის შესვლა, სკოლაში არჩევნებს უკავშირდებოდა. პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ია კერზაიამ საავადმყოფოში მოხვედრამდე, „რუსთავი ორთან“ თავად ისაუბრა.

კერზაია ყვებოდა, რომ მას შემდეგ, რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენ. ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა. შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ოფიციალური ინფორმაციით სწორედ ამ მოტივით უპირებდნენ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს პოსტიდან დათხოვნას, პირად საუბარში კი ია კერზაიას აუხსნეს, რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე უარის თქმა იყო.

გარდაცვლილის შვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას განათლების სამინისტროს აკისრებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

დღის ამბები