ზეწოლა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე - „ევროპული საქართველო“ განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს. საპარლამენტო უმცირესობა მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში, ფრაქციის ფორმატში მისვლას ითხოვს.
ოპოზიციას აინტერესებს გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ია კერზაიას გარდაცვალების გამო განათლების მინისტრი და რა ინფორმაცია აქვს მას არჩევნებისთვის სკოლების მობილიზებაზე.
„არის უამრავი კითხვა, რომელსაც უნდა გასცეს პასუხი განათლების მინისტრმა. თუნდაც ის, რომ ეს აუდიტის სამსახური 20012 წლიდან ფაქტობრივად გამოყენებულია პოლიტიკური ნიშნით დევნისთვის. დევნიან, 100-მდე დირექტორი არის გათავისუფლებული,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.
საკითხთან მიმართებაში კიდევ უფრო რადიკალურია „ნაციონალური მოძრაობა“. ფრაქცია პროცესში მონაწილე ყველა პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და განათლების მინისტრთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის აუცილებლობაზე საუბრობს.
„იკვეთება პირველ რიგში მინისტრების პასუხისმგებლობა. გახარიასი და განათლების მინისტრის და შემდეგ იმ თანამდებობის პირების, რომლებსაც დაავალეს ზეწოლის მოხდენა და ეს ფაქტები უნდა იქნას გამოძიებული ძალიან დეტალურად,“-აცხადებს ენმ-ს წევრი მურთაზ ზოდელავა.
მომხდარის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ „ქართულ ოცნებაში“ და ოპოზიციას სპეკულაციაში ადანაშაულებენ.
„საკითხის ირგვლივ რაც უნდა იყოს გარკვეული და რა საკითხებიც იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ თუ პასუხის გასაცემი, ამაზე შესაბამისი უწყებები, შესაბამისი ინსტიტუციები ადგილზე თუ აქაც სამინისტროს დონეზე, არავინ ალბათ კითხვას არ დაემალება,“-ამბობს „ქართული ოცნების“ წევრი ეკა ბესელია.