25 აპრილი 2024,   04:06
ვრცლად
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია - საპატიო სტუმრების ვინაობა დღეს გახდება ცნობილი 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია - საპატიო სტუმრების ვინაობა, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრებიან, დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო სიას დღეს წარადგენს.

„უკვე დადასტურებული აქვს რამდენიმე პარლამენტის თავმჯდომარეს ჩამოსვლა. გრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო წარმომადგენლობით იყოს დამსწრე პირთა შემადგენლობა. აქედან გამომდინარე ჩვენ გვექნება სრული მობილიზაცია იმისათვის, რომ მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩავატაროთ ეს ღონისძიება,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ისევ შეიკრიბება საორგანიზაციო კომისია. ორგანიზატორები ტექნიკურ დეტალებზე იმსჯელებენ.

ინაუგურაციისთვის სამი ლოკაცია სახელდება - თბილისი, თელავი და წინანდალი. მთავარი, ფიცის დადების ცერემონია თელავში, ერეკლეს სასახლეში შედგება. საღამოს კი წინანდალში მიღება გაიმართება. ინაუგურაციის პროცესი კი თბილისიდან დაიწყება. ფიცის დადებამდე სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავს მოინახულებს.

ცერემონია ოპოზიციის აქციების ფონზე ჩაივლის. ხელისუფლების ოპონენტების გეგმებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გამოეხმაურა.

„თუ ეს იქნება ისეთ ტიპის პროტესტი, რომელიც არი იქნება წინააღმდეგობაში სხვადასხვა კანონმდებლობასთან, რომელიც ასევე ზღუდავს იმ მოქმედებებს, რომელიც არ არის დაშვებული, რა თქმა უნდა ეს არის ჩვეულებრივი პროცესი,“-აცხადებს კახი კახიშვილი.

დღის ამბები