19 აპრილი 2024,   13:27
ვრცლად
პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით დევნა - ოპოზიცია განათლების და შს მინისტრებს პარლამენტში იბარებს

ოპოზიცია პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით უმძიმეს კითხვებზე პასუხის გასაცემად განათლების და შს მინისტრებს პარლამენტში იბარებს.

ოპოზიცია საარჩევნო პერიოდში მასწავლებლებზე განხორციელებულ ზეწოლაში მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვს.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი ია კერზაიას გათავისუფლების მცდელობას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს. რატიანის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ია კერზაიას სკოლის სახელზე დაიწერა საჩივარი და მინისტრმა, ბატიაშვილმა გენერალური ინსპექციის შესვლასთან დაკავშირებით ბრძანებას ხელი განცხადების შესვლისთანავე მოაწერა.

„ამ შემთხვევაში, განათლების სამინისტრო რეაგირებს ძალიან სწრაფად, როდესაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიასთან დაკავშირებით დღემდე არ არსებობს გამოძიება და საპარლამენტო კომისიას ჰქონდა რეკომენდაცია, რომ ამ აუდიტის სამსახურის უფროსი გაეთავისუფლებინა ამის გამო სამსახურიდან. რატომ არ არის გათავისუფლებული აუდიტის სამსახურის უფროსი დღემდე, როდესაც იყო რეკომენდაცია და როდემდე უნდა ჰყავდეს ინსპექტორი წამალაშვილი, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დავალებებს,“ - განაცხადა რატიანმა.

სამეგრელოში საარჩევნო პროცესებში ძალოვანი უწყებების პირველი პირების აქტიურ მონაწილეობაზე ამახვილებს ყურადღებას "ედპ"-ის ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა. ქარდავას განცხადებით, სამეგრელოში საარჩევნო პროცესებს შს მინისტრი, გიორგი გახარია კურირებდა, შესაბამისად, მიხეილ ბატიაშვილი მისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. 

„ჩვენ არა მხოლოდ განათლების მინისტრის სახელს ვაყენებთ და იმ ადამიანების, რომელმაც განახორციელა უკანონო შემოწმება და განახორციელა კონკრეტულად ზეწოლა ქალბატონ კერზაიაზე, არამედ აუცილებლად უნდა დადგეს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი,“ - განაცხადა ქარდავამ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ნიკოლოზ ვაშაკიძე ამბობს, რომ სწორედ შს მინისტრია პასუხისმგებელი სამეგრელოში მომხდარ ყველა დარღვევაზე. 

ია კერზაია 2 დღის წინ გარდაიცვალა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ია კერზაიამ „რუსთავი2"-თან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამდე რამდენიმე დღით ადრე თავადაც ისაუბრა. მას შემდეგ, რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.

შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ მოტივით უპირებდნენ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს პოსტიდან დათხოვნას, პირად საუბარში კი ია კერზაიას აუხსნეს, რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე უარის თქმა იყო.

დღის ამბები