24 აპრილი 2024,   17:25
ვრცლად
საკადრო ცვლილებები მთავრობაში - მამუკა ბახტაძე შესაძლოა, გიორგი გახარიამ შეცვალოს

არჩევნებიდან 2 კვირაში ხელისუფლებაში დიდი საკადრო ცვლილებები იწყება. პრესაში უკვე სახელდება კონკრეტული კანდიდატები, რომლებსაც მოუწევთ, როგორც პარტიულ ისე სახელისუფლებო თანამდებობებთან გამომშვიდობება.

სავარაუდოდ, პარტიის გენერალური და აღმასრულებელი მდივნის თანამდებობებს დატოვებენ კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე. რაც შეეხება სახელისუფლებო გადაადგილებებს, გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის პოსტს დატოვებს მამუკა ბახტაძე, რომელსაც სავარაუდოდ გიორგი გახარია ჩაანაცვლებს.

საუბარია რეგიონებში რწმუნებულების შეცვლაზეც. შეგახსენებთ ცვლილებებს ცოტა ხნის წინ არც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი გამორიცხავდა. მმართველ გუნდში კი ამ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. 

„ის დიდი ცვლილებები თუ კომპლექსური ცვლილებები, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა რა თქმა უნდა, ძალაშია. ამ თემაზე გაცილებით უფრო ფართო და ხანგრძლივი სამუშაო პროცესი იქნება. ჩვენი ცვლილებების თაობაზე საუბარი არ ეხება მხოლოდ კონკრეტულ გვარებს და ამ ჭრილში არ განვიხილავთ ახალ ეტაპს. პროცესი უნდა განვიხილოთ კომპლექსურად,  იმიტომ რომ ამ არჩევნების შედეგებს სჭირდება უდაოდ კარგი ანალიზი.

კარგი ანალიზი ნიშნავს იმას, რომ ყველა დონეზე ყველა რგოლის მუშაობის ხარისხი უნდა შეფასდეს და აუცილებელია სწორი ანალიზის შედეგად გარკვეული ცვლილებების შეთავაზება.  მე ვფიქრობ, რომ ეს ეტაპი აუცილებლად უნდა დადგეს, რაც შეიძლება მალე,"-ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო ქაცარავა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით  ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. მისი თქმით, საკადრო ცვლილებებზე საუბრით პრესა სპეკულირებს.

„ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, მაგრამა რ ვთვლი მაინცდამაინც რომ საკადრო ცვლილებებია რის აუცილებელი სისტემის ცვლილებასთან მიმართებაში. ვიცი პრესისგან, ვნახე წავიკითხე ეს სპეკულაციები,. მაგრამ ჩემი ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები არ იგეგმება,“-ამბობს ქაცარავა.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, რომ მას საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მისი აზრით, ცვლილელები რომც მოხდეს ამაში განსაკუთრებული არაფერი იქნება.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება კახეთის გუბერნატორის მოხსნა, არჩევნების მეორე ტურის შედეგებიდან გამომდინარე, შიოლაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს. 

დღის ამბები