მასწავლებლებზე განხორციელებული ზეწოლა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში - განათლების მინისტრი მზად არის პარლამენტში ოპოზიციის კითხვებს უპასუხოს. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა გააკეთა.
თუმცა, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმის პოლიტიზირება ხდება. ხარატიშვილი ოპოზიციას პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ განათლების სამინისტრო სკოლების ინსპექციას მუდმივად ახორციელებს.
მისივე თქმით, ზუგდიდის სკოლაც არ წარმოადგენს გამონაკლის, სადაც გენერალური ინსპექცია საჩივრის შემდეგ შევიდა და დარღვევები დააფიქსირა, რის გამოც, დირექტორის, ია კერზაიას გადაყენების საკითხი დადგა დღის წესრიგში.
„ეს არის უდაოდ ტრაგედია, მაგრამ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ამ პროცესის პოლიტიზირება და ზოგადად, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები. ბუნებრივია, განათლების სამინისტრო თავისი არსებობის ისტორიაში მუდმივად ატარებს ინსპექტირებას ყველა სკოლის და ამის მიზანს წარმოადგენს ხარისხის დადგენა და იმ სტანდარტის შესაბამისად ჩვენი ბავშვებისთვის განათლების მიწოდება, რომელიც აუცილებელია მათთვის და ძალიან ნიშანდობლივი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება კერზაიას გათავისუფლების შესახებ მიღებული არ ყოფილა, ეს იყო პროცესი, რომელიც არის ძალიან ჩვეულებრივი და სტანდარტული პროცესი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის პოლიტიზირება არის დაუშვებელი და მიუღებელი.
„რაც შეეხება ზოგადად, პარლამენტში ამ საკითხის განხილვას და დაბარებას მინისტრის, ჯერჯერობით, ოფიციალურად არანაირი მოწვევა პარლამენტის რომელიმე ფრაქციისგან არ მოგსვლია, მაგრამ მზად ვართ ასევე მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ყველა მხარესთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან იმისთვის, რომ ყველა კითხვას ერთხელ და სამუდამოდ გაეცეს პასუხი,“ - განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.
ოპოზიცია ზუგდიდის სკოლის დირექტორზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ია კერზაიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა, სწორედ ამის შემდეგ შევიდა გენერალური ინსპექცია სასწავლო დაწესებულებაში.
პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ია კერზაიამ „რუსთავი2"-თან რამდენიმე დღის წინ თავადაც ისაუბრა. მას შემდეგ, რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.
შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ მოტივით უპირებდნენ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს პოსტიდან დათხოვნას, პირად საუბარში კი ია კერზაიას აუხსნეს, რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე უარის თქმა იყო.