20 აპრილი 2024,   17:07
ვრცლად
სკოლა და პოლიტიკა ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებია - ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში გარდაცვლილი დირექტორი გაიხსენეს

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს დაგვიანებით დაიწყო. მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა გარდაცვლილი დირექტორი გაიხსენეს და ია კერზაიას დამსახურებებზე ისაუბრეს.

მათი განმარტებით, სკოლა პოლიტიკურად ანგარიშსწორების ადგილი არ უნდა იყოს. მასწავლებლები ამბობენ, რომ ია კერზაია პოლიტიკას არავის არ ახვევდა თავს.

„სკოლა და პოლიტიკა ეს ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებია. მე ერთი რამ ვიცი, რომ ქალბატონი იას ჯანმრთელობა არასდროს არ ყოფილა საშიშროება, შეიძლება ზედმეტი იყო. არასდროს არ გამიგია მისი ცუდად ყოფნა, ის იყო სრულად ჯანმრთელი და საღსალამათი ადამიანი,“ - განაცხადა ზუგდიდის სკოლის თანამშრომელმა.

გარდაცვლილის შვილი, ბაჩანა შენგელია კი სახალხო დამცველს საქმის შესწავლის თხოვნით მიმართავს და კვლავაც მოითხოვს გასაჯაროვდეს იმ ანონიმური წერილის ავტორი, რომლის საფუძველზეც დაიწყო პოლიტიკური ანგარიშსწორება.

„სახალხო დამცველს დედაჩემმა წერილობით მიმართა, მოასწრო სიცოცხლეშივე მიემართა წერილობით, რომ დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ დაეწყო მოკვლევა და განეხორციელებინა შესაბამისი რეაგირება. მეც ვთხოვ, რომ ეს საქმე აიყვანოს კონტროლზე, მაქსიმალურად იქნეს საქმის ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი დადგენილი და პროკურატურას მოვუწოდებ, ყველა მონაწილის დასჯას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სადისტურ აქტში,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ია კერზაია 2 დღის წინ გარდაიცვალა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ია კერზაიამ „რუსთავი2"-თან თავადაც ისაუბრა. მას შემდეგ, რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.

შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ მოტივით უპირებდნენ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს პოსტიდან დათხოვნას, პირად საუბარში კი ია კერზაიას აუხსნეს, რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე უარის თქმა იყო.

დღის ამბები