20 აპრილი 2024,   14:36
ვრცლად
დაუშვებელია მსგავსი რამ ხდებოდეს 21-ე საუკუნეში - გიორგი ვაშაძე ია კერზაიას საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

„მე გამოვთქვამ იმედს, რომ საზოგადოების თითოეული წევრი დადგება ბაჩანა შენგელიას და მთელი ოჯახის გვერდით ამ საქმის დეტალურად შესწავლასთან დაკავშირებით,“ - ეს განცხადება, პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორზე განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება ობიექტურად წარიმართება და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ შევდგეთ, როგორც სახელმწიფო, როგორც დემოკრატიული საზოგადოება, აუცილებელია, ყველა ასეთ ფაქტს ჰქონდეს რეაგირება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, თითოეული ჩვენგანის მხრიდან იმიტომ, რომ დაუშვებელია მსგავსი რამ ხდებოდეს 21-ე საუკუნეში, ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროკავშირის წევრობაზე და ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიის განვითარებაზე,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ია კერზაია 2 დღის წინ გარდაიცვალა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ია კერზაიამ „რუსთავი2"-თან თავადაც ისაუბრა. მას შემდეგ, რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.

შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ მოტივით უპირებდნენ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს პოსტიდან დათხოვნას, პირად საუბარში კი ია კერზაიას აუხსნეს, რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე უარის თქმა იყო.

დღის ამბები