24 აპრილი 2024,   04:11
ვრცლად
Foreign Policy არ არის ოფიციალური სტრუქტურების ბეჭდვითი ორგანო... აშშ-ს ელჩს ვერავინ დაბლოკავს - საპარლამენტო უმრავლესობა სკანდალურ სტატიაზე

გავლენიანი ამერიკული გამოცემა „Foreign Policy“-ს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ამერიკის ელჩად ბრიჯით ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამორიცხავენ, რომ ხელისუფლება ივანიშვილის მითითებით ბრინკის კანდიდატურას ბლოკავდეს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელია ამბობს,რომ ეს ძალიან არასერიოზული ბრალდებაა.

„ასე არ ხდება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს მხრიდან ვინ იქნება წარგზავნილი დიპლომატიურ პოზიციაზე ასე იბლოკებოდეს ეს არის არასერიოზული განცხადება,“-ამბობს ბესელია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი კი ამბობს,რომ „Foreign Policy“ ხშირად წერენ ექსპერტები საკუთარ მოსაზრებებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია ელჩის დაბლოკვის შესახებ სიმართლეა.

„Foreign Policy“ არ არის ოფიციალური სტრუქტურების ბეჭდვითი ორგანო. აქ ექსპერტები თავიანთ მოსაზრებებს ხშირად წერენ და ამ შემთხვევაში ეს მოსაზრება ძალიან შორს არის სინამდვილიდან.

არც ამერიკული ოფიციალური მხარე არ ადასტურებს, რომ შესაძლოა ქართულ მხარეს აქვს რესურსი და აქვს იმის ნება, რომ დაბლოკოს აშშ-ს მიერ დანიშნული ელჩი ან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება,” - ამბობს ვოლსკი.

„ამერიკას და ამერიკის შეერთებულ შტატებს ელჩს ვერ დაუბლოკავს ვერავინ ვერსად“ -ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „Foreign Policy“ -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი აზრით,  საუბარი იმაზე, რომ ამერიკელი დიპლომატი რომელიმე ქვეყანაში იბლოკება, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის დიდი შეურაცხყოფის მიყენებაა.

სტატიაში წყაროებზე დაყრდნობით პირდაპირ წერია, რომ მთავრობა ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს, რადგან ის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.

ვაშინგტონში ყოფილმა და მოქმედმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოცემას შეატყობინეს, რომ საქართველოს მთავრობა უარს ამბობს გამოცდილი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დამტკიცებაზე და ამ გადაწყვეტილებას ხელს არ მოაწერს.

სტატიაში არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერია, რომ ელჩის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დაბლოკა.

ამავე თემაზე
დღის ამბები