19 აპრილი 2024,   19:30
ვრცლად
"კონკურენტებს უსამართლოდ ზღუდავენ" - სადაზღვევო კომპანიები ბანკებისთვის სადაზღვევო სფეროში საქმიანობის შეზღუდვას ითხოვენ

სადაზღვევო კომპანიები კომერციული ბანკების წინააღმდეგ გამოდიან და მათთვის სადაზღვევო სფეროში საქმიანობის შეზღუდვას ითხოვენ. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ბანკები მათი შვილობილი კომპანიებისათვის ხელოვნურად ქმნიან ხელსაყრელ გარემოს და კონკურენტებს უსამართლოდ ზღუდავენ. კერძოდ, მაშინ როდესაც მომხმარებლები აზღვევენ სესხს, ბანკები მათ სთავაზობენ მხოლოდ ერთ კომპანიას. 

„სიტუაცია დღითიდღე უფრო უკონტროლო ხდება და იშლება ზღვარი სადაზღვევო ინდუსტრიასა და საბანკო ინდუსტრიას შორის. ბანკების კონტროლის ქვეშ არსებული კომპანიების რიცხვი დღითიდღე იზრდება. ეროვნული  ბანკი გასცემს შესაბამის თანხმობებს, რის საფუძველზეც პრაქტიკულად ბაზარზე თავისუფალი მოთამაშეების ადგილი აღარ რჩება,“-განაცხადა სადაზღვევო კომპანია ”უნისონის” გენერალურმა დირექტორმა ვასილ ახრახაძემ

რეაგირებისთვის სადაზღვევო ინდუსტრიის 12 წარმომადგენელი მთავრობას მიმართავს. კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კონკურენციის შესახებ კანონი ბანკებზეც უნდა გავრცელდეს.

„ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ, რომ ბანკებზე გავრცელდეს კანონო კონკურენციის შესახებ. და მომხმარებელი რომელიც იღებს სესხს და არის კავშირში ბანკთან, მას მიეცეს თავისუფალი არჩევანის საშუალება,“-განაცხადა სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი”-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა. 

საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად  საბანკო არხებით სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვას ასახელებს.  დევი ხეჩინაშვილის თქმით, ეს სფერო დასარეგულირებელია.

„იქ უნდა მოგვარდეს კონკურენციის პირობები, დაშვების პირობები და ა.შ.“-განაცხადა საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა.

დღის ამბები