25 აპრილი 2024,   15:30
ვრცლად
"ეს არის ახლადარჩეული პრეზიდენტის კაპრიზი" - ოპოზიცია ადმინისტრაციის თანამშრომლების მოსალოდნელ უმუშევრობას ეხმაურება

საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სალომე ზურაბიშვილს საშუალებას მისცემს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ყოველგვარი გაფრთხილებისა და კონპესაციის გარეშე გაათავისუფლოს, ოპოზიცია ეხმაურება.

ენმ-ის წევრი აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს, მიმართულია იმისკენ, რომ ახლადარჩეულ პრეზიდენტმა შეძლოს, საკუთარი ახლობლებით დააკომპლექტოს ადმინისტრაცია.

„ძალიან კარგი გააკეთა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომ არ გამოიყენა ისეთივე რეპრესიული ზომები, რასაც ახლა აპირებს ახალი პრეზიდენტი. მას უნდა, რომ დაასუფთავოს მთელი ველი და მთელი ეს გამოცდილი ადამიანები დაითხოვოს და შეავსოს საკუთარი გემოვნებისა და საკუთარი სურვილის მიხედვით. აგერ არის „ჩემი ცოლის დაქალები“ და ალბათ, ხვალ შეიძლება, სერიალი გადაიღონ, რომელსაც ჩემი პრეზიდენტის დაქალები ერქმევა. თუ ეს დაქალებისა და საახლობლოსათვის კეთდება, მით უმეტეს დამამცირებელია ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ანალოგიური პოზიცია აქვს ევროპულ საქართველოსაც. ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილმა, ყოველგვარი კონპესაციის გარეშე, გაათავისუფლოს თანამშრომლები.

„ეს კანონპროექტი არის პირდაპირ მიმართული იმისთვის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ახლა მომუშავე თანამშრომლები გაუშვან სამსახურიდან და გაუშვან არა იმ ნორმით, რომელიც დღეს მოქმედებს, რომელიც ითვალისწინებს, რომ რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, ჯერ ეს დროში იწელება და მეორე, რაც მთავარია, ეს ადამიანები, ყველა, ვინც იქნებიან გაშვებულები, აიღებენ ორთვიან  კონპესაციას. ეს კეთდება ერთადერთი მიზეზის გამო, რომ კანონის მიღებიდან დაკმაყოფილდეს ახლადარჩეული პრეზიდენტის კაპრიზი - ყველა გაუშვან სახლში და საკუთარი შეხედულებით, ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს დასასაქმებელი ქართული ოცნების საარჩევნო  შტაბიდან და მათთვის ადგილები გაათავისუფლონ,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები