25 აპრილი 2024,   08:38
ვრცლად
"როგორც ჩანს, ახლადარჩეული პრეზიდენტის სურვილია ასეთი" - ბარამიძე საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე, საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს სამარცხვინოს უწოდებს. „კურიერთან“ საუბრისას ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ ინიციატივა უშუალოდ სალომე ზურაბიშვილისგან მოდიოდეს.

თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილისთვის მიუღებელია კანონპროექტის გამართლება ახალი კონსტიტუციით და ამბობს, რომ  საჯარო სამსახურის შესახებ 2015 წელს მიღებული ახალი კანონი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო, რომლის შესრულების შემდეგ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოიპოვა.

„უვიზო მიმოსვლის რეჟიმი - ამის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები იყო სხვა კანონებთან ერთად საჯარო სამსახურების შესახებ სხვა კანონის მიღება. ახლა გამოდის, რომ იმ კანონპროექტით, რომელიც ახლა ინიცირებულია პარლამენტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ფაქტობრივად, ყველა თანამშრომელი ამ რეჟიმისგან გადის გარეთ, ანუ ისინი უკვე არ ექვემდებარებიან ამ პროგრესულ კანონს. განმარტებითი ბარათი არის უპრეცედენტოდ ლაკონიური, არაფერი წერია საერთოდ, როგორც ჩანს, ახლადარჩეული პრეზიდენტის სურვილია ასეთი,“- ამბობს ბარამიძე.

ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული ხდება ხელშეკრულება გააფორმოს, შესაბამისად, მათ საჯარო მოხელის სტატუსი გაუუქმდებათ და კანონი, როგორც საჯარო მოხელეებს, ვეღარ დაიცავს. ცვლილებები სალომე ზურაბიშვილის უფლებას აძლევს, თანამშრომლები კონკურსის გარეშე აიყვანოს.

დღის ამბები