პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას საშიშ პრეცედენტად აფასებს და ამბობს, რომ ეს ინიციატივა კონსტიტუციის გარანტირებული პრინციპების უხეში დარღვევაა.
მისი თქმით, კანონში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება, რაც ნათელს ხდის, რომ მიზნად ისახავს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნას, ყოველგვარი კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე.
საუბარია კანონში შესატან ცვლილებაზე, რომელის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს საჯარო მოხელის სტატუსი გაუუქმდებათ.
ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამით ირღვევა იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც, თითქმის, ყველა პრეზიდენტის დროს პროფესიულად ემსახურებოდნენ საჯარო ინტერესებსა და საზოგადოებას.
„ეს ინიციატივა ძალიან ნათელია, რომ არის მთელი რიგი პრინციპების უხეში უგულებლყოფა და მათ შორის კონსტიტუციით გარანტირებული პრინციპების და საერთოდ ეწინაღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმის სულისკვეთებას, მიზნებსა და ამოცანებს.
სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ძალიან ნაჩქარევად მომზადებული ინიციატივა და დაჩქარებული წესით არის ამ ინიციატივის განხილვაც დაგეგმილი და მისი მიზანი არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც, თითქმის, ყველა პრეზიდენტის დროს, პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, პროფესიულად მუშაობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ არა რომელიმე პრეზიდენტს, არამედ საჯარო ინტერესს და ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ეს ადამიანები იყვნენ მარტივად გასაშვები სამსახურიდან, ყოველგვარი კომპენსაციის, ყოველგვარი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე,“- ამბობს ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, გარდა ამ ყველაფრისა, ამგვარი ცვლილება სახიფათოა, რადგან ამით სახელმწიფო ეუბნება საჯარო მოხელეს, რომ ერთ დღეში ბევრი ადამიანი შეუძლია გამოიყვანოს კანონის მოქმედების სფეროდან და დატოვოს ჰაერში.