იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე, მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის საჯარო მოხელის სტატუსის გაუქმება ახალარჩეული პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა.
მისი განცხადებით, საჯარო მოხელის შესახებ კანონი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მიღების შემთვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს სტატუსს გაუუქმებს. რაც ბარამიძის თქმით, ნიშნავს, რომ ყველა მათგანი სამსახურიდან გათავისუფლდება.
ბარამიძე მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეების შესახებ კანონში მსგავსი ცვლილების შეტანა ქვეყნის უვიზო მიმოსვლას დააზიანებს.
„გაშვებულად ჩაითვლება ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში ყველა, იმიტომ რომ ისინი აღარ იქნებიან საჯარო მოხელეები. აი, ვინ იქნება და ვინ არ იქნება ხელახლა აყვანილი სამსახურში, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, ეს იქნება პრეზიდენტის გადასაწყვეტი.
ცალსახად ამას არ ვიტყოდი, რომ უცებ დასხდებიან ბრიუსელში, ამ ფაქტს განიხილავენ და ჩამოართმევენ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის პრივილეგიას, მაგრამ გარკვეულ რისკებს, რასაკვირველია, წარმოშობს. ეს, ალბათ, არის პრეზიდენტის შეკვეთა, მას არ სურს მუშაობა იმ ხალხთან, ვინც მის წინამორბედთან მუშაობდნენ -ეს ჩემი ვარაუდია,“- ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.