საჯარო სამსახურის პრინციპის უბრალოდ აბუჩად აგდება - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ”ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე პრეზიდნეტის ადმინისტრაციიდან თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლებას.
114 ადამიანი, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ჯერ კიდევ მეორე და მესამე პრეზიდენტების დროს მუშაობდნენ, მალე შესაძლოა, კომპენსაციის გარეშე დაითხოვონ.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საჯარო მოხელის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რაც სალომე ზურაბიშვილს უფლებას მისცემს, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და ფულადი ანაზღაურების გარეშე, საჯარო მოხელეები გაათავისუფლოს. ახალ თანამშრომლებს კი ზურაბიშვილი კონკურსის გარეშე აიყვანს.
სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მმართველ ძალას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკუთარი სურვილისამებრ შერჩეული ადამიანების დანიშვნა სურს.
„ეს არის საჯარო სამსახურის პრინციპის უბრალოდ აბუჩად აგდება და ეს ახალი არ არის ამ ხელისუფლების პირობებში. ამას აკეთებენ ისინი წლებია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნათელი გამოვლინება. როგორც ერთი ოლიგარქის ხუშტურის შესაბამისად დასვეს პრეზიდენტი, რომელსაც არანაირი საზოგადოებრივი ნდობა და ხალხის მანდატი არ გააჩნია, ახლა უნდათ, რომ ადმინისტრაციაში მომუშავე პროფესიონალები, რომლებიც წლების განმავლობაში იქ არიან და ემსახურებიან საჯარო სამსახურს, გაუშვან და ასევე ხუშტურით შერჩეული ადამიანები მიიყვანონ,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.