საქართველოს სახალხო დამცველი ვარაუდობს, რომ შეწყალების აქტს ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოსცემს.
ნინო ლომჯარია მოქმედი პრეზიდენტის მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის ჩანიშნული სხდომა გააუქმა, სადაც მსჯავრდებულთა საქმეები უნდა განეხილათ.
ომბუდსმენი შეწყალების კომისიის წევრია, თუმცა მისთვის უცნობია რა გახდა სხდომების გაუქმების მიზეზი, რომელიც მიმდინარე კვირას უნდა გამართულიყო. ნინო ლომჯარიამ არც ის იცის, იგეგმება თუ არა მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სხდომის ჩატარება. სწორედ ამიტომ სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე შეწყალების აქტს აღარ გამოსცემს.
"სხდომები იყო ჩანიშნული ამ კვირაში, თუმცა ვიცით, რომ არ შედგა იმის გამო, რომ სავარაუდოდ პრეზიდენტი აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას,"-აცხადებს ომბუდსმენი.