შეწყალების კომისიის გაუქმებული სხდომები - არსებული ინფორმაციით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის შეწყალების ბოლო აქტს აღარ გამოსცემს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ გიორგი მარგველაშვილს აღარ აქვს უფლება შეიწყალოს პატიმრები, რადგან ბოლო პერიოდში ჩადენილი სასტიკი დანაშაულებების უმრავლესობა სწორედ პრეზიდენტის შეწყალებული ყოფილი პატიმრების ჩადენილია.
„მარგველაშვილის დროს ვნახეთ შეწყალებები, რომლებიც მძიმე შედეგებით დაასრულა, ამიტომ, ვფიქრობ ახალი პრეზიდენტმა უფრო მაღალი პასუხისმგებლობით ჯობს ჩაატაროს შეწყალება,“-ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.
ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური თვლის, რომ შეწყალების აქტი 16 დეკემბრის შემდეგ უნდა გამოიცეს და ის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა უნდა გამოსცეს.
განსხვავებულია პოზიციები ოპოზიციაში. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავის კონსტიტუციური უფლება ბოლომდე უნდა გამოიყენოს.
„სანამ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ასრულებს საკუთარ ფუნქციებს კონსტიტუციისა თანახმად მან უნდა განახორციელოს ყველა ის ფუნქცია რომელიც მას ეკისრება კონსტიტუციით მათ შორის შეწყალების, როდესაც ის ამოწურავს საკუთარ ვადას,"-ამბობას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.
კომისიის სხდომა დღესაც არ ჩაუნიშნავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისია საქმეების განხილვას, რეკომენდაციების მომზადებას და პრეზიდენტისთვის გადაგზავნას ვეღარ მოასწრებს.
არადა, მარგველაშვილი რომ წასვლის წინ ბოლო შეწყალებას გეგმავდა, ეს კურიერს კომისიის წევრებმა დაუდასტურეს. მიმდინარე კვირას კომისიის ერთი სხდომა გაიმართა, თუმცა შემდეგ სხდომის დაწყების წინ კომისიის წევრებს მისწერეს, რომ მუშაობა შეჩერებულია.