20 აპრილი 2024,   16:30
ვრცლად
დაგროვებითი პენსია - ბიზნესმენები რისკებსა და სერიოზულ ხარვეზებზე საუბრობენ 

ხმაური საპენსიო სააგენტოსა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრაზე - მხარეები დაგროვებითი პენსიის შესახებ რეფორმაზე ვერ შეთანხმდნენ. ბიზნეს ასოციაციის წევრები ამბობენ, რომ აქამდე მათთვის რეფორმის ტექნიკური დეტალები უცნობი იყო, დღეს კი გაარკვიეს, რომ რეფორმას თან ახლავს რისკები და ის ძალიან ბევრ ხარვეზს შეიცავს.

„როდესაც ადამიანი აჰყავთ სამსახურში, როდესაც ესაუბრებიან ხელფასზე, არის იმ ხელფასზე საუბარი, რომელიც მან ხელზე უნდა აიღოს. აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ ის ტვირთი რომელიც 2 % უნდა იყოს დასაქმებულის მიერ გადახდილი, გარკვეულწილად დააწვეს ისევ მტკივნეულად დამსაქმებელს. ამიტომ ეს კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი დასაქმებულისთვის,“-განაცხადა დისტრიბუციის ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ და აღნიშნა, რომ ეს რეფორმა არღვევს დასაქმებულების უფლებებს და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება პროგრამაში ნებაყოფლობით ჩართვის.

ბიზნესმენები ამბობენ, რომ  მათ ვერ მიიღეს პასუხები კითხვებზე რა გადასახადები დააწვება ბიზნესს, რამდენი პროცენტი უნდა შეიტანოს საპენსიო ფონდში დამსაქმებელმა და დასაქმებულმა.

„1000 ლარის ხელფასის შემთხვევაში რამდენი გამოუვა დასაქმებულს თანხა ამ ახალი საპენსიო კანონის ამოქმედების შემდეგ, ამის შესახებ პასუხი ვერ მივიღეთ. აბსოლუტური ინფორმაციული ვაკუუმი. ტექნიკური საკითხები მოუწესრიგებელი. დღეს გვეუბნებიან საპენსიო ფონდიდან რომ ისინი არ არიან საგადასახადო ექსპერტები,“-განაცხადა იურიდიული კომპანია GLCC -ის წარმომადგენელმა შალვა ცხაკაიამ. 

ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები რეფორმისთვის გადავადება ითხოვენ. 

„ინფორმაციის დონეზე რა თქმა უნდა არსებობდა კომუნიკაცია თუმცა სათანადო კომუნიკაცია არ მომხდარა  ბიზნესთან. რამდენიმე მილიარდი ლარის პორტფელის მართვაზეა საუბარი. მთავარი რისკები არის, როგორი ადამიანებით დაკომპლექტდება. რამდენად იქნება კვალიფიციური ადამიანების ხელში ჩვენი დაგროვილი პენსია და რამდენად მოხდება სწორი ინვესტირება,“-განაცხადა განაცხადა კომპანია "ორიენტ ლოჯიკის" დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

დაგროვებითი პენსიის რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტომდე არ იყო 40 წლის. რაც შეეხება  ფორმულას ისე შემდეგია: დასაქმებული საკუთარი ხელფასიდან, იგულისხმება დღგ-ს ჩათვლით ხელფასი, იხდის 2%-ს. 2%-ს იხდის დამსაქმებელიც და ასევე სახელმწიფოც. მაგალითისთვის თუ მოქალაქის ხელფასი შეადგენს 1000 ლარს მის საპენსიო ფონდში გადაირიცხება 60 ლარი. 

დღის ამბები