20 აპრილი 2024,   11:35
ვრცლად
"არ ვეთანხმები, რომ ვინმე მზად არ არის" - საპენსიო სააგენტოს დირექტორი ბიზნესმენებს პასუხობს 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპენსიო სააგენტოს დირექტორი არ იზიარებს ბიზნესმენების კრიტიკას,  დაგროვებითი პენსიის შესახებ.

ბიზნესმენები ამბობენ, რომ პროგრამას ხარვეზები აქვს და ის სერიოზულ რისკებს  შეიცავს.

სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის განცხადებით, სისტემა გამართულია და ის ბიზნესისთვის წნეხი არ იქნება.

„მე არ ვფიქრობ, რომ  ბიზნესისთვის ეს იყოს რაიმე წნეხი ან მონეტარული თვალსაზრისით ან რაიმე დამატებითი მნიშვნელოვანი და არსებითი სამუშაო მათ გაუჩნდეთ იმისთვის, რომ შეასრულონ კანონის მოთხოვნა დაგროვებითი პენსიის შესახებ. მე არ ვეთანხმები იმას, რომ რაღაცა მოუსწრებადია, ვინმე მზად არ არის. ყველაფერი მზად არის, ყველაფერი თავის დროზე გაკეთდება,“- განაცხადა ლევან სურგულაძემ.

საპენსიო სააგენტოსა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მხარეები დაგროვებითი პენსიის შესახებ რეფორმაზე ვერ შეთანხმდნენ. ბიზნეს ასოციაციის წევრები ამბობენ, რომ აქამდე მათთვის რეფორმის ტექნიკური დეტალები უცნობი იყო, დღეს კი გაარკვიეს რომ რეფორმას თან ახლავს რისკები და ის ძალიან ბევრ ხარვეზს შეიცავს. მათ შორის ბიზნეს ასოციაციის წევრები ამბობენ, რომ მათ ვერ მიიღეს პასუხები კითხვებზე რა გადასახადები დააწვება ბიზნესს, რამდენი პროცენტი უნდა შეიტანოს საპენსიო ფონდში დამსაქმებელმა და დასაქმებულმა.

ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები რეფორმისთვის გადავადება ითხოვენ. 

დაგროვებითი პენსიის რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტომდე არ იყო 40 წლის. რაც შეეხება  ფორმულას ისე შემდეგია: დასაქმებული საკუთარი ხელფასიდან, იგულისხმება დღგ-ს ჩათვლით ხელფასი, იხდის 2%-ს. 2%-ს იხდის დამსაქმებელიც და ასევე სახელმწიფოც. მაგალითისთვის თუ მოქალაქის ხელფასი შეადგენს 1000 ლარს მის საპენსიო ფონდში გადაირიცხება 60 ლარი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები