26 ივნისი 2019,   16:54
ვრცლად
როგორ აშუქებდა მედია საარჩევნო პროცესებს - ევროკავშირის და გაეროს პროგრამის მონიტორინგის შედეგები

როგორ აშუქებდა მედია 2016-2018 წლეებში სხვადასხვა საარჩევნო პროცესს - ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მედიამონიტორინგის შედეგები გამოქვეყნდა.

ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდში შეიმჩნეოდა მზარდი პოლარიზება და მიკერძოებულობა, ტელევიზიებში იკლო სიძულვილის ენის გამოყენებამ, თუმცა კვლავ ჭარბობს ბეჭდურ მედიაში.

 „უნდა აღინიშნოს, რომ გასული საპრეზიდენტო არჩევნების მანძილზე, რა თქმა უნდა, შეიქმნა დაძაბული წინასაარჩევნო ვითარება, რამაც გავლენა მოახდინა, მათ შორის მედიაზე. გაკეთდა რამდენიმე განცხადება მედიაში, რომელიც არ შეესაბამებოდა ჟურნალისტურ სტანდარტს. მიუხედავად ამისა, მედიამ აჩვენა გაუმჯობესება, განსაკუთრებით ეს ეხება ონლაინმედიას. სხვა მედია სეგმენტებში შეინიშნება პოლარიზება, ასევე პოლიტიკური მიკერძოება,“- განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, მუნხტუიუა ალთანგერელმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, მეორე ტურში დაძაბულმა წინასაარჩევნო გარემომ გავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორ შუქდებოდა არჩევნები მედიაში.

„ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები გამოირჩეოდა მაღალი დონის პოლარიზებით, იყო ძალიან დაძაბული წინასაარჩევნო გარემო და ამან გავლენა მოახდინა ასევე თუ როგორ შუქდებოდა არჩევნები მედიაში. მიუხედავად იმისა, რომ მედიამონიტორინგმა გამოავლინა დადებითი ტენდენციები პოლარიზებულ და დანაწევრებული პოლიტიკური გარემოს პირობებში საქართველოში ბევრი აქვს მედიას გასაკეთებელი განვითარებისთვის და პროფესიული ზრდისთვის,“ - განაცხადა კარლო ნატალემ.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურზე.

„ის პროგრესი, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა, პრაქტიკულად, ამ პროგრესს ხაზი გადაესვა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების და განსაკუთრებით მეორე ტურის წინ გაშუქებისას, ვინაიდან, ჩვენ გვქონდა ძალიან უხეში ეთიკური დარღვევები, ხშირად პროფესიული სტანდარტების მიღმა იყო სხვადასხვა გადაცემა, განსაკუთრებით ეს ეხება „რუსთავი 2-ს“ და ტელე „იმედს“ და საერთო ჯამში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ძალიან ნეგატიური კამპანია გვქონდა,“ - განაცხადა  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა.

 

დღის ამბები