26 ივნისი 2019,   16:54
ვრცლად
არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა იკრძალება - კანონპროექტის ხმაურიანი განხილვა პარლამენტში 

არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა იკრძალება. საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტში დებატები მოყვა. ცვლილებების ინიციატორი განათლების კომიტეტია.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს განსხვავებული პოზიცია აქვს და განმარტავენ, რომ ადმინისტრაციული ჯარიმების არსებობის მექანიზმი კარგად უნდა იყოს გაწერილი.   

ერთ-ერთი, ვინც ამ ცვლილებას ეწინააღმდეგება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ნუკრი ქანთარიაა. დეპუტატის თქმით, დაჩქარებულ რეჟიმში ამის მიღება დაუშვებელია, რადგან კარგად უნდა განისაზღვროს რა დადებითი და უარყოფითი შედეგი შეიძლება მოუტანოს ამ საკანონმდებლო ცვლილებამ მოსახლეობას.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ კი ქანთარიას საპასუხოდ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებით მმართველი ძალა ქულას არ იწერს და მსგავსი განცხადებებით ხდება კანონების დისკრედიტაცია.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა ოპონენტებს მეხრეების შესახებ კანონი შეახსენა და განაცხადა, რომ ეს კანონი არავის აღარ ახსოვს და მის აღსრულებას არავინ აკონტროლებს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შემოგაქვთ კანონი და შემდეგ არც ამის აღსრულება არის ხოლმე შესაძლებელი და ამის მიმართ ადამიანებს აქვთ ზოგადად, კანონის მიმართ, თქვენს მიმართ მიღებული კანონების მიმართ აქვთ გარკვეული ნიჰილისტური დამოკიდებულება,“ - განაცხადა რატიანმა.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ თუ შეთანხმდებიან, რომ პიროტექნიკა საზიანოა, მაშინ თავად საზოგადოება მივა იმ დასკვნამდე, რომ ამის გამოყენება აიკრძალოს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ოპონენტებს პოლიტიკური ნიშნის მოგების მცდელობის გამო აკრიტიკებს.

„ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკა არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნის მოგებით წარმოთქმული კრიტიკები. საახალწლო პერიოდში, სადღესასწაულო პერიოდში, ჩვენ წელს შედარებით ნაკლები სტატისტიკის და ტრავმატიზმის მომსწრენი გავხდით,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საკანონმდებლო ცვლილების განხორცილების შემთხვევაში გაყიდვების შემცირებაზე საუბრობენ თავად პიროტექნიკის გამყიდველები. თუმცა, ამბობენ, რომ რადგან ეს მოზარდებს შეეხება, ამ კანონპროექტის ამოქმედების წინააღმდეგ არ წავლენ.

დღის ამბები