20 აპრილი 2024,   16:41
ვრცლად
„ქართული ოცნება“ საპენსიო ფონდის რეფორმის გადავადებას გამორიცხავს, ოპოზიცია კი რისკებზე საუბრობს

„ქართული ოცნება“ საპენსიო ფონდის რეფორმის გადავადებას გამორიცხავს. ბიზნესმენები რისკებსა და სერიოზულ ხარვეზებზე საუბრობენ და რეფორმის გადავადებას ითხოვენ.

ბიზნესმენების მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, რეფორმასთან დაკავშირებით წინასწარ ბევრი შეხვედრა გაიმართა და ბიზნესმენების პრეტენზია უკვე დაგვიანებულია.

„კონსულტაციებში იყო ჩართული ბიზნესსექტორიც. აქედან გამომდინარე, გადაწყვტილება იყო მაქსიმალურად აწონ-დაწონილი, შეჯერებული და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს რეფორმა ძალიან დიდი წარმატებით განხორციელდება და არის უკვე კონკრეტული ზომებიც მიღებული იმისთვის, რომ დაიწყოს სათანადოდ ამ რეფორმის პრაქტიკაში განხორციელება,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ბიზნესმენების მოთხოვნას ასევე კრიტიკულად აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, საკმარისი განხილვები იყო პარლამენტში იმისთვის, რომ რეფორმა მომავალი წლიდან განხორციელდეს.

ბიზნესმენების მოთხოვნას იზიარებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საპენსიო რეფორმის ამ დროისთვის გაწერილი ფორმით ამოქმედება, არ იქნება კარგი და უმჯობესია, თუ საპენსიო ფონდში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება.

რომან გოცირიძე ასევე აკრიტიკებს ბიზნესმენებს და ამბობს, რომ მათ ხელისუფლებისთვის ოპონირება საპენსიო ფონდის რეფორმის ინიციატივის გახმოვანებისას უნდა გაეწიათ და არა ახლა, როდესაც ბიუჯეტში ყველაფერი უკვე გაწერილია.

„ახლა ამბობენ იმას, რასაც ჩვენ მაშინ მოვუწოდებდით მთავრობას, სად იყვნენ მაშინ, რატომ იყვნენ გატრუნული? ახლა გამოდის, ხელების ქნევა ჩხუბის შემდეგ, არავითარი აზრი უკვე მათ ამ ინიციატივას არ აქვს, ვინაიდან უკვე ბიუჯეტში ყველაფერი არის გაწერილი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ საპენსიო სქემა გაუმართავია და ყველა მოქალაქის შემოსავალზე არ არის მორგებული.

საპენსიო ფონდის რეფორმა 2019 წლიდან ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიის რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტომდე არ იყო 40 წლის.

რაც შეეხება ფორმულას, ის შემდეგია: დასაქმებული საკუთარი ხელფასიდან, იგულისხმება დღგ-ს ჩათვლით ხელფასი, იხდის 2%-ს. 2%-ს იხდის დამსაქმებელიც და ასევე სახელმწიფოც. მაგალითისთვის, თუ მოქალაქის ხელფასი შეადგენს 1000, ლარს მის საპენსიო ფონდში გადაირიცხება 60 ლარი. 

დღის ამბები