19 აპრილი 2024,   10:41
ვრცლად
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - ოპოზიცია საჯარო მოხელის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების გაწვევას ეხმაურება

საჯარო მოხელეების შესახებ კანონპროექტში ცვლილებები გაწვეული იქნება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები საჯარო მოხელის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების გაწვევას საკუთარი და მესამე სექტორის ბრძოლის შედეგად თვლიან.

ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის საჯარო მოხელის სტატუსის ჩამორთმევას გულისხმობდა, საკანონმდებლო ორგანოში აღარ განიხილება.

„ნაციონალური მოძრაობის“  წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა იმასაც მიხვდა, რომ ახალი პრეზიდენტისთვის უღირსი ნაბიჯი იქნებოდა ადმინისტრაციის თანამშრომლების პირველსავე დღეს გათავისუფლება.

„ძალიან კარგია, რომ მიხვდნენ, რომ პრეზიდენტის პირველი ნაბიჯი იქნებოდა უღირსი ნაბიჯი, როდესაც ის გაათავისუფლებდა ყველა პროფესიონალს, ვინც იქ იყო დასაქმებული ამ კანონის მეშვეობით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს არის გამარჯვება ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, იგივე სახალხო დამცველსაც ჰქონდა საპირისპირო პოზიცია და ეს არის გამარჯვება საღი აზრის,“- ამბობს გოცირიძე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებები, რომელიც საჯარო მოხელის შესახებ კანონში უნდა შეეტანათ, იურიდიულად სრულად შეუსაბამო იყო, გარდა ამისა, ჭიაბერაშვილის თქმით, ეს ინიციატივა იმ ტიპის პოლიტიკური თავხედობა აღმოჩნდა, რომ მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ უმრავლესობაშიც ვერ მოიპოვა. თუმცა ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება მაინც დაიწყება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები