19 აპრილი 2024,   01:59
ვრცლად
გავაპროტესტებთ იმას, რომ ზურაბიშვილის ინაუგურაცია ხდება - ოპოზიციის პასუხი თელავის მერიას

ოპოზიციის პასუხი თელავის მერიას - გაერთიანებული ოპოზიცია გეგმებს არ ცვლის და მასშტაბურ აქციას კვირას, 16 დეკემბერს, თელავის ცენტრში, ერეკლე მეორის ძეგლთან გამართავს. განცხადება ცოტა ხნის წინ გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებს და კვირას დაგეგმილი აქციის ლოკაცია არ შეიცვლება.

გიორგი ვაშაძე აქციის გამართვასთან დაკავშირებით თელავის მერის უარსაც ეხმაურება და ამბობს, რომ მან კანონი დაარღვია, რადგან მერიას არ აქვს უფლება, აკრძალოს ან ნება დართოს აქციის ჩატარების. ვაშაძის განმარტებით, ოპოზიცია მხოლოდ ვალდებული იყო, რომ აქციის გამართვის თარიღი შეეტყობინებინა მერიისთვის.

„ეს არის კანონდარღვევა თელავის მერიის მხრიდან, რომელმაც შეასრულა „ქართული ოცნების“ მესვეურების მითითება. ჩვენ, სადაც ვთქვით, ისევ იმ მიმართულებით მივდივართ... კვირას, 16 დეკემბერს დილის 09:00 საათზე შევიკრიბებით აეროპორტის ტრასაზე, ენმ-ის ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და ყველანი ერთად, ორგანიზებულად, მანქანებით გავემგზავრებით თელავში, სადაც მივიღებთ ამ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას მშვიდობიანად და გავაპროტესტებთ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტად,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებაზე უარის თქმის გამო კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ მმართელ გუნდს მოლაპარაკებების დაწყება შეთავაზა, თუმცა, "ქართული ოცნების" ლიდერები არ დათანხმდნენ.

„სწორედ ჩვენ შევთავაზეთ „ქართულ ოცნებას“ გამოსავალი, დავმსხდარიყავით მაგიდის გარშემო და დაგვეწყო დიალოგი იმ ფუნდამენტურ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში არის გასატარებელი, რაც გვაჩვენა არჩევნებმა და ისინი მოიქცნენ დესტრუქციულად და მათ ამაზე გვითხრეს უარი. შესაბამისად, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ამ საკითხებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებსაც ეხმაურება, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ ინაუგურაციის დღეს ოპოზიციამ პროვოკაციები მოაწყოს.

„პროვოკატორები ხართ თქვენ, პირდაპირ მივმართავ, თქვენ აწყობთ პროვოკაციებს და თქვენი თელავის მერის წერილი, ეს არის პროვოკაციის მცდელობა ჩვენთან მიმართებაში. ჩვენ კი გეუბნებით, რომ ჩვენ აღვკვეთავთ ყველა პროვოკაციას თქვენი მხრიდან,“ - ამბობს ვაშაძე.

დღის ამბები